„შეცდომით მიმართვა ხდება მაშინ, როცა ერთნაირი ემოცია გაქვს ორ სხვადასხვა სახელთან დაკავშირებით“

15:22 07-12-2019
7

რატომ მიმართავდა შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია გადაცემა „რეაქციის“ წამყვანს „ინგას“ ნაცვლად „ირმას“ სახელით? ამ თემაზე სოციალურ ქსელში აქტიურად მსჯელობენ. 

საზოგადოების ნაწილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მინისტრმა უპირატესობისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით გადაცემის წამყვანს განზრახ შეცდომით მიმართა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს ნერვიულობით იყო გამოწვეული.

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განმარტავს, რომ შეცდომით მიმართვა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ერთი და იგივე ემოცია აქვს ამ ორ სახელთან დაკავშირებით.

„როგორც წესი, ეს წამოცდენაა. ზოგადად, წამოცდენა დაკავშირებულია იმასთან, როცა ერთი და იგივე ემოცია გაქვს ამ ორ სახელთან. მე არ ვიცი ვინ ირმას იცნობს, მაგრამ ზუსტად იგივე ემოცია აქვს სახელ ინგასთან. როგორც წესი, წამოცდენა არ არის ფქისოლოგიური საფუძვლის გარეშე.

გასათვალისწინებელია ისიც, რამდენად სწრაფად და სპონტანურად ხდება საუბარი. განზრახ სხვა სახელი რომ დაგიძახოთ, დამჭირდება პაუზა, მომზადება, რომ ეს გავაკეთო. უცებ ვერ გავაკეთებ“, - ამბობს ზურაბ მხეიძე.

ფსიქოლოგის განმარტებით, როდესაც ადამიანი კონცენტრირებულია სასაუბრო თემაზე, წამოცდენები მატულობს.

„თუ თქვენ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ხართ ვიდრე ის, რაზეც ვსაუბრობ, მაშინ შეიძლება არ შემეშალოს. მაგრამ თუ მე კონცენტრირებული ვარ და ყურადღება მაქვს საკითხზე რაც უნდა ვთქვა, მაშინ შეცდომების ალბათობა მეტია“, - განაცხადა ზურა მხეიძემ.