სანამ ტალახის სროლას გადაწყვეტთ, თავად მოიშორეთ ნეხვი, რომელშიც ღრმად ხართ ჩაფლული- ნინო წილოსანი

14:35 07-12-2019
140

აკაკი ზოიძის მისამართით საზოგადოების ნაწილის მწვავე კრიტიკას „ქართული ოცნების“ წევრი, ნინო წილოსანი ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

„მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი უსირცხვილო პოლიტიკოსის აბსოლუტურად აზრს მოკლებულ კომენტარს აკაკი ზოიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემი კოლეგა და მეგობარი კაკი ზოიძე არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, მონდომებული და ქვეყნის ერთგული ადამიანი, რომლის ყოფნა საქართველოს პარლამენტში არის უმნიშვნელოვანესი.

როგორ ბედავენ ის უსირცხვილო პოლიტიკოსები აკაკი ზოიძის განცხადების არსი დაამახინჯონ და თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენონ, იმ ინტერესების სასარგებლოდ , რომელიც ყველასათვის კარგად ცნობილია რამდენად ეგოისტურ და პიროვნულ სარგებელს უკავშირდება და უკავშირდებოდა წლების მანძილზე.

სანამ კაცისთვის ტალახის სროლას გადაწყვეტთ, სარკეში ჩაიხედეთ და თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი, რომელშიც ასე ღრმად ხართ ჩაფლული, იქნებ ნაკლებ შეგაწუხოთ სუნმა“, - წერს ნინო წილოსანი.

ტელეკომპანია პირველის ეთერში ნინო ჟიჟილაშვილმა აკაკი ზოიძეს მიმართა, შეეფასებინა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება.

ჟიჟილაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი იყო კრიტიკული საკუთარი მოსახლეობის და აქციის მონაწილეების მიმართ, რაზეც ზოიძემ უპასუხა:

„არანაირი მოქალაქეები, ესენი არიან მტრები და მეხუთე კოლონა. აი, მაგი არის თავზე ხელს, რომ უსვამთ. რა მოქალაქეები წარმოიდგინეთ, რისი გულისთვის აკეთებენ ამას“.

ზოიძემ განაცხადა, რომ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრები იდგნენ. წამყვანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა მას დაუზუსტა, რომ აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს გულისხმობდა, რომლებიც გავრილოვის ვიზიტს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდნენ, რაზეც ზოიძემ განაცხადა: „კი, ბატონო, არიან იქ ახალგაზრდები, რომლებიც თვლიან, რომ გახარიას გადადგომაა მთავარი“.

ამის პასუხად აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზოიძეს აქციის ტრიბუნიდან მიმართა:

„ერთ შანსს მოგცემთ და ბოდიშის მოსახდელად დაგითმობთ ამ სცენას“, - აღნიშნა დიღმელაშვილმა.

განცხადების გამო, აკაკი ზოიძე ოპოზიციურ წრეშიც გააკრიტიკეს.