საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები ფოთში გაიფიცნენ

13:17 07-12-2019
12

ფოთში, საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ ავტოსადგურის რეაბილიტაციას სთხოვს. აღნიშნული ფართი კი მათ იჯარით აქვთ აღებული და თანხას ტერიტორიის მეპატრონეს უხდიან.

მძღოლები აცხადებენ, რომ ავტოსადგურის შენობა და ტერიტორია მეპატრონემ უნდა მოაწესრიგოს.

„ჩვენთან მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან მოვიდნენ, გვითხრეს გაარემონტეთ ეს შენობაო წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაჯარიმებთო. ეს ტერიტორია ჩვენი არ არის, ერთწლიანი ვადით დავიქირავეთ. თუ ჩვენი ხარჯებით გავარემონტებთ, სად არის იმის გარანტია, რომ აქედან არ გაგვიშებენ. ამ საკითხზე გვქონდა შეხვედრა ქალაქის მერთან, ის დახმარებას დაგვპირდა. პირველ რიცხვამდე უნდა გადმოეცათ ჩვენთვის ალტერნატიული ფართი, რაც არ მოხდა,“- განუცხადა ჟურნალისტებს ავტოსადგურის დირექტორმა დათო შონიამ.

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ მეპატრონესა და მოიჯარეს შორის ხელშეკრულების თანახმად, ავტოსადგურის მოწესრიგება სწორედ დამქირავებელს ეკისრება.

„ჯარიმა გამოიწერა შენობის იერსახის გამოსწორებაზე და ტერიტორიის მოუვლელობაზე. ეს არის მინიმალური ჯარიმა 250 ლარი. სასამართლომ ისინი არ დააჯარიმა, მაგრამ გაფრთხილება მისცა, რომ ეს სიტუაცია უნდა გამოასწორონ“, - განაცხადა არქიტექტურის სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, თენგიზ შონიამ.

სამარშუტო ტაქსების მძღოლები სასწრაფოდ ალტერნატიულ ფართს ითხოვენ.

ავტორი: თეა შონია