აქციის დაშლაზე მოქალაქეები ოთხჯერ გავაფრთხილეთ - შს მინისტრი

21:04 07-11-2019
3

მოქალაქეებს 20 ივნისის აქციის დაშლამდე ოთხჯერ მოვუწოდეთ - ამბობს ტვ პირველის ეთერში შს მინისტრი გიორგი გახარია. 

„„პოლიციელებს ბრალს დებენ იმაში, რომ მათ ქვეყნის წინაშე თავისი ფუნქცია შეასრულეს და ფიზიკურ მოძალადეებს არ მისცეს საშუალება შეჭრილიყვნენ პარლამენტში“

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა რეაქციაში ინგა გრიგოლიას კითხვებს უპასუხა. მინისტრის განცხადებით, ობიექტურად არ ხდება პოლიციაზე თავდასხმის ფაქტების გაშუქება. 

 

 

„რაც შეეხება გაფრთხილების ნაწილს, გაფრთხილება როგორც ასეთი - აქციის მონაწილეების მიმართ რამდენჯერმე იყო. იმ შემთხვევაში, როდესაც დაიწყო სპეციალური საშუალებების გამოყენება, გაფრთხილებას იმ პერიმეტრზე წინა ხაზზე არანაირი აზრი არ ჰქონდა, კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს. კანონმდებლობით აბსოლუტურად მკაფიოდ არის გაწერილი, მაშინ როდესაც გადაუდებელი თავდაცვის კომპონენტში პოლიცია იძულებულია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, 30 პოლიციელი იყო გატაცებული ამ მასაში და 300-ზე მეტი გატაცებული ფარი.  პოლიციელებისთვის, რომელსაც ჰქონდა ჯაჭვით დაცვის ბრძანება, უბრალოდ შეუძლებელი გახდა, ისინი იძულებულნი გახდნენ გამოეყენებინათ. რატომ გაზი? იმიტომ, რომ გაზი პირველ რიგში არის ყველაზე ნაკლებად მავნებელი, რატომ უკან - იმიტომ, რომ წინა ფლანგზე გაზის გამოყენება არის მაღალი რისკის შემცველი -ეს ერთი. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ და პირველ რიგში, რომ ის ადამიანები, რომლებიც (დაახლოებით 400-450 ადამიანი) შეტევაში არ იყო ჩართული, მათი გაფანტვა, მომხდარიყო. 

არ მინდოდა   ამაზე საუბარი, ამ კონტექსტში, რომ არ წასულიყო ჩვენი საუბარი. დღევანდელ თქვენს ანონსში, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, ეს არის ტელევიზია, რომელსაც აქვს კონკრეტული პოზიცია, მაგრამ როდესაც თქვენ - ობიექტური, უზომოდ კრიტიკული ჟურნალისტი ანონსში არ აჩვენებთ არცერთ შემთხვევას, როგორ ხდებოდა თავდასხმა პოლიციაზე და პოლიციელზე, უბრალოდ არაობიექტურობის შეგრძნებას ქმნით, ეს ჩემთვის მიუხედავად უდიდესი და უღრმესი პატივისცემისა პერსონალურად თქვენდამი  და პირადად, ჩემთვის ეს და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემს უკან დგას, რომელსაც დღეს უბრალოდ ბრალს დებენ რაში იცით? ბრალს დებენ იმაში, რომ მათ ქვეყნის წინაშე თავისი ფუნქცია შეასრულეს და ფიზიკურ მოძალადეებს არ მისცეს საშუალება შეჭრილიყვნენ პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ ამას მოჰყვა ტრაგიკული შემთხვევები.“- განაცხადა გიორგი გახარია.“, - ამბობს გახარია. 

შეგახსენებთ, აქციის დაშლიდან ამ დრომდე გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. ამ დროის განმავლობაში მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს გიორგი გახარია. თუმცა თავად მინისტრი ამბობს, რომ გადადგომა არის ყველაზე მარტივი გზა და პასუხისმგებლობიდან გაქცევა.