შსს რუსთავი 2-ის ინფორმაციაზე: გახარიას ფორუმზე გამოსვლა დაგეგმილი არ იყო

18:36 07-11-2019
512

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმის კონფერენციის დღის წესრიგიდან მოხსნეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პროგრამაში ეწერა, რომ გიორგი გახარია დღეს სიტყვით უნდა გამოსულიყო და დისკუსიის რეჟიმში კონფერენციის ქართველი და უცხოელი სტუმრების კითხვებზე ეპასუხა. გიორგი გახარიას შავი ზღვის უსაფრთხოებაზე უნდა ესაუბრა. თუმცა, მოულოდნელად, პროგრამაში ცვლილება შევიდა და გახარია კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჩაანაცვლა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შს მინისტრი ლევან იზორიათი ჩანაცვლების შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

„პროგრამები, რომელიც მე მაქვს ნანახი, არ იყო და არ ვიცი, მართალი გითხრათ... არ ვიცი, თუ არ ჩამოვიდა, რატომ არ ჩამოვიდა,“ - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი.

ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ შს მინისტრი მიმდინარე აქციებისა და 20 ივნისის სისხლიანი ღამის ფონზე მოერიდა უცხოელ სტუმრებთან შეხვედრას. „არ გამიკვირდება თუ ის მოერიდა იმ დისკომფორტს, რომელსაც ის განიცდიდა აქ, მათ შორის, ოპოზიციის დეპუტატებთან ინტერაქციის დროს და ისევე, როგორც ანტისაოკუპაციო აქციის შემხედვარე, იმიტომ, რომ გახარია არავის აღარ უნდა, მოსახლეობა შეთანხმდა იმაზე, რომ გახარია არ უნდა იყოს თავის ადგილზე და რაც უფრო დრო გადის, რაც უფრო ახალი ვიდეოები გამოდის, რომელიც იმ ღამეს ასახავს, რაც უფრო ის ელაპარაკება ვიღაც ექსპერტებს, თუ რატომ გამოიყენა ტყვიები, მით უფრო ნათელი ხდება, რომ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის გარდაუვალი,“ - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგი კაპანაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

როგორც შსს-ში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, კონფერენციაზე მინისტრის სიტყვით, ან რაიმე სახით გამოსვლა, გათვალისწინებული არ ყოფილა.