ტარიელ ჭანტურია იუბილარია - „შენ ოდესმე თუ ყოფილხარ 87-ის?“

12:57 07-11-2019

 „ის, რაც ინტელექტს მოკლებულია, ჩემთვის ინტერესს მოკლებულია“ – ამ სიტყვებისა და ბევრი ჩემი საყვარელი ლექსის ავტორს, ტარიელ ჭანტურიას ვულოცავ დაბადების დღეს” - წერს თავის ფეისბუქგვერდზე მწერალი და გამომცემელი - ზვიად კვარაცხელია. 

„– როგორ ხართ, ბატონო ტარიელ? – პირადად რომ მივულოცავ, ვიცი, რასაც მეტყვის:

– შენ ოდესმე თუ ყოფილხარ 87-ის? – მერე კი ხმადაბლა დასძენს, – მე შევადგინე თერთმეტკაციანი სია იმათი, ვინც დღეს კარგადაა საქართველოში. თუ ჭკვიანად იქნები, გადაგაწერინებ.

მინდა, რომ დიდხანს იყოს, ჯანმრთელად, ორ რვიანს რომ გაივლის, არ მეეჭვება, ორი ცხრიანიც გადაელახოს“ - იუბილარ პოეტს დაბადების დღეს ულოცავს კვარაცხელია. 

ტარიელ ჭანტურიამ ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება დაამთავრა. პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ 1964 წელს გამოსცა. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩენისთანავე ყურადღება მიიქცია გაბედული ექსპერიმენტებით. ხშირად მიმართავს ირონიას, პაროდიას, პარადოქსს, გროტესკს, სლენგს. მისი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), „წყნარი მზის წელიწადი“ (1975), „თაფლობის საუკუნე“ (1978), „პოემები“ (1979), „სტრესები და სიტყვები“ (1980), „რჩეული“ (1982), „ბოლთა“ (1893), „მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ. ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე.

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე