3 თვის ქართველი გოგონა საფრანგეთში სიცოცხლისთვის იბრძვის

19:50 07-09-2019
1707

უკვე 1 თვეა ქართველი ჩვილი გოგონა მშობლებთან ერთად საფრანგეთში, ქალაქ ლიონში იმყოფება. ისინი ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობენ და იქ ელოდებიან საქართელოდან დახმარებას. ბავშვი 1 თვის იყო, როცა კუნთების გენეტიკური  სპინალური ატროფიის დიაგნოზი დაუსვეს. სამწუხაროდ, საქართველოში მსგავს დაავადებას ვერ კურნავენ, ამიტომ, ჩვილის სასწრაფოდ საზღვარგარეთ წაყვანა გახდა აუცილებელი.

„პრაიმტაიმი“ გოგსაძეების ოჯახის ახლობელს დაუკავშირდა, რომელიც საქართველოში ბავშვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ნათია ჭიპაშვილმა განაცხადა, რომ დრო უკიდურესად ცოტაა საჭირო თანხის შესაგროვებლად. იმისათვის, რომ 3 თვის გვანცამ იცოცხლოს 352 000 ევროა შესაგროვებელი. ახლა, შეჭირვებული ოჯახი კეთილი ადამიანების დახმარების იმედზეა.

„იმის გამო, რომ საქართველოში ამ დაავადების მკურნალობა არ ხდება, ოჯახი იძულებული გახდა საფრანგეთში წასულიყო. თუმცა, არც იქ გაუმართლათ. კლინიკამ მკურნალობის დაფინანსებაზე უარი უთხრა.

ახლა მდგომარეობა საგანგაშოა, ბავშვს ქვედა კიდურები გათიშული აქვს, ხელებს კი დუნედ ამოძრავებს. ახლა, სასუნთქი გზების გადაკეტვის საშიშროებაა. იმისთვის, რომ გვანცამ იცოცხლოს 4 ინექცია ესაჭიროება, თითოეულის ფასი 88 000 ევროა და დრო ძალიან ცოტაა ამ თანხის შესაგროვებლად.

გოგსაძეების ოჯახი ხარაგაულიდანაა, მათ არ აქვთ კარგი ფინანსური მდგომარეობა, შეჭირვებულები არიან და საზოგადოების დახმარების იმედი დარჩათ მხოლოდ.

ჯანდაცვის სამინისტრო არცერთი თეთრით არ დახმარებია, მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა დაუფინანსა საფრანგეთში წასასვლელად თვითმფრინავის ბილეთების ნაწილი“ - ამბობს სალომე ჭიპაშვილი.

„პრაიმტაიმი“ ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ოჯახს ფინანსური დახმარების მიღების მიზნით არ მიუმართავს. სამინისტრომ გოგსაძეებს მხოლოდ მოთხოვნილი დოკუმენტი გადასცა, რომელიც საზღვრის გადაკვეთისთვის ესაჭიროებოდა ოჯახს. დოკუმენტში განმარტებულია, რომ საჭირო სამედიცინო მანიპულაციას - კონკრეტულ ინექციას საქართველოში ვერ აკეთებენ.

„პრაიმტაიმის“ კითხვას, მზაობას გამოხატავს თუ არა უწყება მიმართვის შემთხვევაში გოგსაძეებს ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს, გვიპასუხეს, რომ შემთხვევას სპეციალური კომისია შეისწავლის და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„პრაიმტაიმის“ მკითხველებს არაერთი ოჯახის, ბავშვის, შშმ პირის თუ მოხუცის მდგომარეობა გაუუმჯობესებიათ. საზოგადოება მუდმივად ერთიანდება იმის ირგვლივ, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება და ახლა, საფრანგეთში ლტოლვილთა ბანაკში 3 თვის ჩვილი და მისი მშობლები საქართველოდან დახმარებას ელოდებიან. დრო ცოტაა, გვანცას გადარჩენის შანსი კი ჯერ კიდევ არსებობს...

შესაბამისი საბანკო ანგარიშები:

მიმღების დასახელება – თინათინ მჭედლიშვილი

ანგარიშსწორების ანგარიში – GE60TB7305045064300006

საბანკო კოდი – BAGAGE22

მიმღების დასახელება- ლია ჩიტაძე ( გვანცას ბებია)

ანგარიშსწორების ანგარიში GE06BG0000000103330922

ავტორი: თამარ ბუჩუკური