გურიაში გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს და 6000-მდე ოჯახი მიიღებს გაზს

18:33 07-09-2019
1

გურიაში გაზიფიცირების ძალიან მასშტაბური სამუშაოები მიდის და 6000-მდე ოჯახი მიიღებს გაზს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გურიაში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას განაცხადა.

მისი თქმით, გაზიფიცირების სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„ვაგრძელებთ გაზიფიცირების სამწლიან გეგმას, რომელსაც ახორციელებს მთავრობა და სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მთლიანად 3-წლიან გეგმაში 226 ახალი დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება და საქართველოს გაზიფიკაციის დონე 85%-ს მიაღწევს. გურიაში ძალიან მასშტაბური სამუშაოები მიდის, 6000-მდე ოჯახი მიიღებს გაზს. მათ შორის ისეთი დასახლებებია, სადაც ისტორიულად გაზი არასდროს ყოფილა. ჩვენ ამ რეალობას ძირეულად შევცვლით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

უწყების ცნობით, მინისტრმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აცანასა და ჭალაში გაზსადენის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ სოფლებს გაზი აქამდე არ მიეწოდებოდა. პროექტის ფარგლებში ორივე სოფელში აშენდება 38 542 გრძივი მეტრი გაზსადენი და 503 კომლს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოები მიმდინარე წლის, ნოემბრის პირველ ნახევარში დასრულდება და პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 1 391 236 ლარს.