კოლხეთის ეროვნულ პარკში მეთევზეებმა აქცია გამართეს

17:45 07-09-2019
10

ფოთში, მეთევზეებმა კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აქცია გამართეს.

ისინი პალიასტომის ტბაზე არსებულ აკრძალვებს აპროტესტებენ.

შეკრებილებმა განაცხადეს, რომ თევზაობით ოჯახებს არჩენენ, დაწესებული შეზღუდვების გამო კი თევზჭერას, პრაქტიკულად ვერ ახორციელებენ. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორის, დავით გრიგოლიას თქმით, რეგულაციებით აკრძალულია ნაპირთან მიახლოება, ე.წ. „დაბუხვით“ თევზჭერა და ქვირითობის პერიოდში თევზაობა.

აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეხვდნენ და ადმინისტრაციასთან ერთად პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ.

მათი განმარტებით, კოლხეთის დაცულ ტერიტორიაზე შეზღუდვების მოხსნას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება, რომლის განხილვაც მერიაში უკვე მიმდინარეობს.

ავტორი: თეა შონია