„სადღაც ვხვდებოდი რა სენიც მჭირდა“ – „გოგიჩას“ უკანასკნელი ინტერვიუ

16:10 07-04-2019
54317

ცნობილი ჟურნალისტი, მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ტელეწამყვანმა მძიმე სენთან ბრძოლაში ცხოვრების უკანასკნელი სამი წელი გაატარა. ის არაერთი გადაცემის წამყვანი იყო, თუმცა „გოგიჩა“ მაინც ყველას „ბასტი ბუბუთი“ დაამახსოვრდა... ბავშვებთან მრავალწლიანმა ურთიერთობამ წამყვანი მათთვის უსაყვარლეს ადამიანად აქცია. შეუძლებელია ბავშვს უყვარდე და მიგიღოს, თუ სუფთა აურა არ გაქვს. „გოგიჩა“ სწორედ იმ ადამიანთა უიშვიათეს კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელიც თავისი სუფთა სინდისით და კეთილშობილებით გამახსოვრებს თავს. 

ერთი პერიოდი, ორშაბათობით, ტელეკომპანია „მზის“ დილის ეთერში „გოგიჩასთან“  „პრაიმტაიმის“ ახალი ნომრის მიმოხილვას ვაკეთებდით.  არ მახსოვს ღიმილის, თბილი მოკითხვის, მზიანი განწყობის გარეშე დამხვედროდა და მისგან დამთბარი, სხვანაირად ტკბილი განწყობით არ წამოვსულიყავი. იშვიათი შინაგანი სამყარო ჰქონდა... გადამდები პოზიტივით, სულის გამათბობელი მეგობრობით. 

გიორგის ცოლი ასევე ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე გახლავთ. იშვიათ წყვილს ორი ქალიშვილი - ნანუკა და ნინი ჰყავთ. „გოგიჩას“ მშობლები მსახიობები - ნანა დათუნაშვილი და სოსო გოგიჩაიშვილი (მარჯანიშვილის თეტრის მსახიობია) არიან.  

გთავაზობთ „გოგიჩას“ ერთ-ერთი უკანასკნელი ინტერვიუს ამონარიდს „ნანუკას შოუდან“ და „სელფიდან“. გიორგი ნათიას გაცნობაზე, ქალიშვილებზე, დიაგნოზზე ყვება... 

width=600

გიორგი: - ნათია დავინახე თუ არა გადავირიე, ისე მომეწონა. დაახლოებით ორ თვეში დავქორწინდით. იმ ორ თვენახევარში იმდენი საათი გავატარეთ ერთად (რუსთაველის თეატრიდან გასტროლებით ბალტიისპირეთში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში), რომ ორ წელიწადნახევარს უდრიდა. 

ნათია: - გაცნობამდე მესმოდა, რომ არსებობდა ადამიანი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. კეთილი სათამაშოსავით მყავდა წარმოდგენილი. ასეც იყო. კეთილი „გოგიჩა“, რომელიც ყველას უყვარდა. 

გიორგი: - ყველა ჩემი ძმაკაცი ისე იქცეოდა, რომ ნათია მიხვედრილიყო, რომ მე მიყვარდა. ერთხელ მე და ჩემი მეგობრები მოგვატყუა, მხატვარს ვუყვარვარო. და ვიღაც წვერიანი და ბერეტიანი ტიპი მისი სახლის წინ  დაინახეს თუ არა ჩემმა მეგობრებმა, ისეთ დღეში ჩაუგდიათ ის საწყალი... ჩემი საძმაკაცო იყო სწრაფი რეაგირების ბრიგადა. ეს რაღაცას იტყოდა, ისინიც დარბოდნენ და ეძებდნენ ვიღაცებს. 

width=600

ნათია: - ჩემი სახლის წინ ყოველ დღე სხვადასხვა ფერის ვარდები იდო. მე, ეს ეტყობა ძალიან თავში რომ ამივარდა, მითხრეს: რა გგონია, ის ვარდები საიდან მოგვაქვს, ლენინის ძეგლის წინ „ვენოკიდან“ ვიპარავთ და სახლის წინ გიდებთო. 

გიორგი: - როდესაც გავიგე, ნათია იყო ფეხმძიმედ, რატომღაც მინდოდა გოგო გვყოლოდა. მეორეზეც ასე იყო... მუცელს რომ ვეფერებოდი, ნანუკა ისე საყვარლად არტყამდა ფეხს. ერთხელ ისე ძლიერად მოარტყა, შეგვეშინდა, შუქი ჩავაქრეთ, საბნის ქვეშ დავიმალეთ და დავიძინეთ. თვითონ პატარები ვიყავით და შეგვეშინდა... სასეირნოდ რომ გაგვყავდა ნანუკა, ჩემი მშობლები თავის მეგობრებს გადაურეკავდნენ, ბავშვები გამოვიდნენ ბავშვის გასასეირნებლად და ყურადღება მიაქციეთო. ოჯახში სულ გოგოები მყავს, ცოლი, ქალიშვილები, და, დედა და...  ყვავილები ხშირად მომქონდა ჩემი გოგოებისთვის, როდესაც ფინანსურად კარგად ვიყავი, დღესასწაულებს არ ველოდებოდი. და ჩემი ძაღლისთვისაც მიმქონდა, გოგო იყო ისიც. 

width=600

ნანუკა: - დღეს თუ ცუდი ადამიანი არ ვარ, იმიტომ, რომ ჩემ მშობლებს ვუფრთხილდები. ორივე ისეთი იშვიათად კარგი და გამოგინილი ადამიანები არიან. როდესაც მამის დიაგნოზი გავიგე, ძალიან ვინერვიულე. მამაჩემი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. ძალიან განვიცადე მისი ავადმყოფობა. სტრესმა ხატვა დამაწყებინა. ხომ არსებობს გამოთქმა, ადამიანი, რომელიც ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამს. ჩემთვის ეს ადამიანი მამაჩემია. 

გიორგი: - ადამიანი ქვეცნობიერად მზადაა და ხვდება, რაც ჭირს. სადღაც ვხვდებოდი, რა სენიც მჭირდა. რა მოხდა? მერე რა...  ქიმია პირველად რომ გავიკეთე, ექიმმა მითხრა, ცხრა წუთში როგორ იქნები გვითხარიო. ძალიან კარგად ვარ-მეთქი, ვუთხარი - გამწვანებულები რომ მიყურებდნენ. იქ კი ცუდად გავხდი, მაგრამ მე რომ მეთქვა,  ცუდად ვარ და ეს რა საშინელებაა-მეთქი, ცუდად ვიქნებოდი, მაგრამ ახლა ჩემი განწყობით კარგად ვარ. 

width=600

ნანუკა: - თურქეთში კლინიკაში რომ იყვნენ, ნათია და „გოგიჩა“ იქიდან ისეთ სასაცილო ვიდეოებს მიგზავნიდნენ, ვეკითხებოდი - ეს რა არის, ვიცინო თუ ვიტირო-მეთქი? კოსმოსში რასაც გზავნი, ის გიბრუნდება. ამათ ერთმანეთის მიმართ ამხელა სიყვარული რომ არ ჰქონდეთ, ასე მშვიდად და მარტივად არ იქნებოდა... 

width=600

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე