10 წლის გოგონამ, რომელსაც თითები არ აქვს, კალიგრაფიის კონკურსში გაიმარჯვა (ვიდეო)

15:17 07-03-2019
13

10 წლის გოგონამ, რომელსაც არცერთი ხელი არ აქვს, კალიგრაფიის კონკურსში გაიმარჯვა. მან ხელის მტევნების გარეშე კალმის დაჭერის და წერის თავისებური მეთოდი შეიმუშავა და დიდხნიანი პრაქტიკის შედეგად, საკუთარი ხელნაწერი იდეალურ დონემდე დახვეწა.

10 წლის სარა ჰაინსლი აშშ-ს მერილენდის შტატიდან არის. მან კალიგრაფიის კონკურსის სპეციალური საჭიროების მქონე პირთა კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება. მისმა ასეთმა წარმატებამ ბეიზბოლის ადგილობრივი გუნდის ყურადღება მიიქცია. სპორტსმენებმა იგი პროფესიონალურ მატჩზე მიიწვიეს და ბურთის პირველი ჩაწოდების უფლებაც მისცეს.

როგორც თავად სარა ყვება, იგი ხელების გარეშე დაიბადა და პატარაობიდან ცდილობს ამ მდგომარეობასთან ადაპტაციას. მან ველოსიპედის ტარებაც ისწავლა. ქურთუკის შეკვრასა და ვარცხნილობის გაკეთებაში მას საკუთარი და სახელად ვერონიკა ეხმარება.

10 წლის გოგონა აცხადებს, რომ სურს მაგალითი მისცეს სხვა სპეციალური საჭიროების მქონე პირებს.

„მსურს შშმ ბავშვებმა დაინახონ, რომ თუკი მაქსიმალურად ეცდებიან, ყველაფრის გაკეთებას შეძლებენ,“- აცხადებს 10 წლის სარა ჰაინსლი.

ავტორი: მარიამ გიგანი