გაოცებული ვარ, რა გააკეთეს და რა რეზინის ტყვიები გამოიყენეს - სანდრა რულოვსი აქციას შეუერთდა

22:53 06-23-2019
1315

რუსთაველზე პარლამენტის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია მეოთხე დღეა იმართება. აქციის მონაწილეები კვლავ სამ ძირითად მოთხოვნას აჟღერებენ.

ეს არის მოთხოვნა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა, აქციის დაშლის დროს დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და პოლიტიკური გადაწყვეტილება მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ.  აქციას ცოტა ხნის წინ სანდრა რულოვსი შეუერთდა.

მისი განცხადებით, თუ ხალხს ცვლილებები სურს, აქციაზე პოლიტიკოსების ყოფნა აუცილებელია. რადგან ისინი არის გამოცდილები და იციან როგორ ელაპარაკონ ხალხს.

„მოთხოვნებს მე შევუერთდები. ეს გახარიას გადადგომაა. ეს იმ ხალხის დასჯაა, ვისაც ზედმეტი მოუვიდა 20-21 ივნისს იმ ღამეს. ასევე არის ჩასატარებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით. ეს არის ძირითადი მოთხოვნები. ასევე პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები, ვინც ამ ბოლო დღეებში იყო დაკავებული. ეს აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ეს ხალხზეა დამოკიდებული. მე და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებთ. მე დღეს აქ ნიკუშასთან ერთად მოვედი. ჩვენ აქციაზე მოსვლა გვინდოდა. დღეს ქუთაისში ვიყავი მეუფე კალისტრატეს დაკრძალვაზე. დაჭრილები გუშინ მოვინახულე. გაოცებული ვარ, რა გააკეთეს და რა რეზინის ტყვიები გამოიყენეს“,- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

როგორც მან აღნიშნა, ტრიბუნაზე ასვლას და განცხადების გაკეთებას არ აპირებს.