ვარძია-გოგაშენის გზაზე ისევ მეწყერი ჩამოწვა

14:44 06-13-2019

ვარძია-გოგაშენის დამაკავშირებელი გზაზე, რომელსაც ნაშალი მიწისგან მძიმე ტექნიკით წმენდნენ, მეწყერი ხელახლა ჩამოწვა. შემთხვევა 12 ივნისს გვიან ღამით მოხდა.

ადგილზე სამხარეო ადმინისტრაციის და მერიის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი. გოგაშენში ელიან გეოლოგებსაც, რომელთა დასკვნის შემდეგ გადაწყდება როგორ გაგრძელდება გზის გაწმენდითი და გამაგრებითი სამუშოები.

„მიწა სავარაუდოდ მაშინ ჩამოწვა, როცა აღარ მუშაობდნენ. როგორც ადრე იყო, ისევ ისეა. ალბათ მასას. ვერ გაუძლო. რთული სამუშაოა და ვინც ტექნიკაზე მუშაობს ფრთხილად უნდა იყვნენ. მინიმუმ, 10 დღე მაინც დასჭირდება ამის ხელახლა გაწმენდას“, - განაცხადა გოგაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ზაზა ნათენაძემ.

რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი, მარინა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ დამეწყრილი გზა ტურისტული მნიშვნელობისაა და ის უმოკლეს დროში უნდა გაიწმინდოს:

„მშენებელს ორი დღის სამუშაოები ჰქონდა დარჩენილი და უკვე ასრულებდა. მოწყდა მიწის უფრო დიდი მასა. გაწმენდითი სამუშაოები აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია და სოფლების მოსახლეობას მანძილს 40 კმ-ით უმცირებს. ამის გარდა, ამ გზას აქვს ტურისტული დანიშნულებაც. მაშინაც კი, როცა გადაადგილება ვერ ხერხდება, უამრავი ტურისტი ამოდის და ჩვენ უკან ვუშვებთ. არ შეიძლება ეს ფუნქცია დაიკარგოს. ამ გზას აუცილებლად გავაკეთებთ“, - აცხადებს მარინა გაჩეჩილაძე

ვარძია-გოგაშენის გზაზე, 45 მეტრ სიგრძეზე მეწყერი 13 მაისსაც ჩამოწვა. მას შემდეგ რამდენიმე სოფლის მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობს, რომელიც მანძილს 40 კმ-ით აგრძელებს.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე