ვეცდებით ცვლილება დავაჩქაროთ - პარლამენტი რეგულაციაზე იმსჯელებს, რომელმაც „სიძულვლის ენა“ უნდა შეამციროს

14:27 06-13-2019
13

პარლამენტი ახლო მომავალში მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელებს, რამაც პოლიტიკურ პროცესში ე.წ. სიძულვილის ენა უნდა შეამციროს.

ინიციატივა დეპუტატებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ შეახსენა, რომელიც საარჩევნო გარემოს ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობაშია და დღევანდელ სხდომას ესწრებოდა.

კახა ბექაური ამბობს, რომ რეგულაციის შესახებ წინადადება პარლამენტს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში წარედგინა, თუმცა ამ დრომდე სიძულვილის ენის საკითხი კანონით არ რეგულირდება.

მისივე განცხადებით, ამ მხრივ ნორმების დადგენა ევროპულ პრაქტიკასთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით საქართველოს ვალდებულებაა.

საკითხზე განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობა შეეცდება საკითხი დაჩქარებული წესით გაიტანოს. სად გადის ზღვარი ე.წ. სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის - ამ კითხვის პასუხად კობახიძე აცხადებს, რომ შესაძლოა სიძულვილის ენის პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეულწილად გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს, თუმცა ამას ექნება ლეგიტიმური ჩარჩო.