პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

14:24 06-13-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული, აზერბაიჯანის მოქალაქე  ი.შ დამნაშავედ ცნო. 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 24 აპრილს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ი.შ.  კოსტავას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „იოლში“, დანით თავს დაესხა სუპერმარკეტის თანამშრომლებს და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თანხა მოსთხოვა. თავდასხმის დროს ი.შ.-მ პოლიციის თანამშრომლები დაინახა და შემთხვევის ადგილის მიტოვება სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ი.შ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.შ.   დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.