ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში სახელმწიფო ელექტროსისტემის დისპეტჩერის გამოკითხვა მიმდინარეობს

14:21 06-13-2019
14

ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში, 33 წლის შოთა მთავარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, სახელმწიფო ელექტროსისტემის დისპეტჩერის გამოკითხვა მიმდინარეობს.

გამოძიების ინფორმაციით, დისპეტჩერი ვალდებულია, შეტყობინების საფუძველზე ელექტროენერგიის გათიშვა და მიწოდება უზრუნველყოს.

გამოძიება სახელმწიფო ელექტროსისტემაში გაკეთებულ სათანადო ჩანაწერებსაც შეისწავლის.
სახელმწიფო ელექტროსისტემაში ამბობენ, რომ დაზიანების ადგილიდან, სათანადო შეტყობინების გარეშე, კაჭრეთის ქვესადგურში ელექტროენერგიის მიწოდება ვერ განხორციელდებოდა.

“თუ დაზიანების ადგილას შესაბამისი სამუშაო არ დასრულდება და პასუხისმგებელი პირი შეტყობინებას არ მოგვაწვდის, ელექტროენერგიას ვერ მივაწვდით“ , - უთხრეს „პრაიმტაიმს“ ელექტროსისტემაში.

გარდაცვლილ მთავარაშვილს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც გარდაცვალების რეალურ მიზეზს დაადგენს. ექსპერტიზის პასუხს ელოდება მთავარაშვილის ოჯახიც.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელი, შალვა მთავარაშვილი წუხელ, სოფელ კაჭრეთის ქვესადგურში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.

ავტორი:ხათუნა გულიაშვილი