ოპოზიცია - საარჩევნო სისტემის ცვლილების გადავადების ფონზე სხვა საკითხების განხილვა მეორეხარისხოვანია

14:15 06-13-2019

„შერეული საარჩევნო სისტემიდან სრულად პროპორციულზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადების ფონზე სხვა საკითხების განხილვა მეორეხარისხოვანია“. ამის შესახებ დღეს პარლამენტში იმ ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომლებიც საარჩევნო გარემოს ცვლილების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან.

სხდომის დაწყებიდან დაახლოებით 15 წუთში შეხვედრა პირველმა სერგი კაპანაძემ დატოვა. ის ჯგუფს ბოიკოტს არ უცხადებს, თუმცა ამბობს, რომ დაუშვებელია ძირითადი საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანი თემებით გადაიფაროს.

სხდომას ბოლომდე ესწრებოდნენ სხვა ოპოზიციური ლიდერები, მათ შორის კახა კუკავა და გიორგი ახვლედიანი. მათაც განაცხადეს, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხია არჩევნები 2020 წელს პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ამასთან ხაზგასმული იყო, რომ მნიშვნელოვანია პარტიების დაფინანსების წესისა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი.

ოპოზიციის კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უპასუხეს.

„ოპოზიცია არჩევნებში დამარცხების შემდეგ კრიზისშია და ცდილობს საკუთარი დღის წესრიგი შექმნას. რეალურად ეს განცხადებები ქულების დაწერას ემსახურება. თუ საარჩევნო სისტემის ცვლილება სურდათ, ჩვენ ახალი კონსტიტუციის დამტკიცებამდე შევთავაზეთ 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუმცა მაშინ მხარი არ დაუჭირეს. იმიტომ, რომ ზოგადად კონსტიტუციისთვის არ დაეჭირათ მხარი. სწორედ ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სისტემა შეიცვლება. 2024 წლამდე მგონია ეს მიზანშეწონილი არც არის, რადგან თავისი რისკები აქვს. იმედია იმ დროისთვის ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა იმდენად დაიხვეწება, რომ მზად ვიქნებით პროპორციული სისტემისთვის “,- ამბობს ირაკლი კობახიძე.

რაც შეეხება არჩილ თალაკვაძეს, მისი განცხადებით, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა საქმიანი საუბრის ნაცვლად ფეხების ბაკუნი აირჩია, თუმცა მათი პოზიციის მიუხედავად, სამუშაო პროცესი გაგრძელდება. „საპარლამენტო ოპოზიცია დღემდე ყველა გამოსვლაში იმეორებდა, რომ ეუთოს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა როცა შევქმენით სამუშაო ფორმატი და რეკომენდაციებზე მუშაობა დავიწყეთ, მათ თქვეს, რომ ეს მეორეხარისხოვანია“, - ამბობს არჩილ თალაკვაძე.