რა წერია აშშ-სა და საქართველოს ერთობლივ დეკლარაციაში

21:52 06-12-2019

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდა.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ მხარეები ადასტურებენ ერთგულებას სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის მთავარი პრინციპების მიმართ. ასევე ვკითხულობთ, რომ 2009 წლიდან აშშ და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

„ჩვენ ერთად ვიბრძოდით და ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ერთად გაიღეს მსხვერპლი ერაყსა და ავღანეთში. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში, რაც ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია. აშშ მიესალმება და განაგრძობს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მხარდაჭერას“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ კეთილდღეობა დამოკიდებულია სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდაზე, განვითარების მოწინავე პრაქტიკაზე დაფუძნებულ ღია საინვესტიციო კლიმატზე და პროდუქტების, ენერგიის, სერვისების თავისუფალ მიმოქცევაზე.

მხარეები გეგმავენ ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციების გაზრდას, საერთაშორისოდ დამკვიდრებული ბიზნეს პრაქტიკის განვითარებას და მხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფებას, გააფართოვოს რეგიონული კავშირები, გააძლიეროს ენერგოუსაფრთხოება და გახდეს სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბი.

ნაკისრი ვალდებულებების საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები ეკონომიკური პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და გასაფართოებლად, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ეგიდით წარმოებული ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის (HLTID) ფორმატში სხვადასხვა გზების განხილვის გზით.

დეკლარაციაში აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ ხალხთა შორის კონტაქტები ამყარებს ჩვენს ურთიერთგაგებას და დამატებით ამდიდრებს ჩვენს კულტურებს.

„ვგეგმავთ, საგანმანათლებლო, კულტურული და სამეცნიერო კავშირების განმტკიცებას, ჩვენი მოსახლეობის დაცვას მზარდი, მავნე პროპაგანდისა და დეზინფორმაციისგან და ერთად მოქმედებას იმ სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებისთვის, რომლებიც მიმართულია რუსული ოკუპაციის მიერ დაყოფილ თემებს შორის კავშირების განმტკიცებისკენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში“, - ნათქვამია ორმხრივ დოკუმენტში.

აშშ და საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებენ ორმხრივი პარტნიორობისადმი ერთგულებას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება და სარგებელი მოაქვს.