ვინ როგორ გაიგო მაიკ პომპეოს გზავნილი და რა შეიცვალა სახელმწიფო მდივნის განცხადების შემდეგ

18:20 06-12-2019
101

“ იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს“- ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ამ განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა.  მაიკ პომპეომ  პროექტის მნიშვნელობაზე ღია გზავნილი ვაშინგტონში, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ  ბრიფინგზე გააკეთა:

“პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკასთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას. მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით“, - განაცხადა პომპეომ.

width=600

შტატების სახელმწიფო მდივნის ამ განცხადებას შტატებშივე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.

“ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და მეტიც, ვეხმარებით კონსორციუმის წევრებს, მათაც შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, რომ შედეგად საქართველომ მიიღოს ღრმაწყლოვანი პორტი და სრულფასოვნად აითვისოს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი.“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადება ოპოზიციამ საქართველოს მთავრობის  მიმართ მკაცრ გაფრთხილებად აღიქვა. პომპეოს განცხადების შემდეგ, ხელისუფლების ოპონენტებმა განაცხადეს, რომ შტატები პორტი მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკით უკმაყოფილოა.

 “ფაქტიურად გამოითქვა ღია შეშფოთება. როცა ასეთი დონის პრესკონფერენციაზე, უმაღლეს დონეზე ხდება საჯაროდ პრობლემური საკითხების დაფიქსირება, ეს ნიშნავს იმას, რომ პარტნიორს მართლაც გააჩნია პრობლემები მათ შორის ისეთ საკითხზე,  როგორიცაა  ანაკლიის პორტი“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

“დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდება ხელისუფლებას ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, თუკი მთავარი პარტნიორის მხრიდან ასეთი მკაფიო გზავნილის შემდეგ ამ პროექტს ჩააგდებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

width=600

ოპოზიციისგან განსხვავებით, სამთავრობო გუნდში პომპეოს გზავნილში მხოლოდ პოზიტიური შეფასება ამოიკითხეს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ ამ პროექტს სახელმწიფოს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს.

“მახარებს  ის, რომ ამერიკის მთავრობა დადებითად აფასებს ხელისუფლების როლს ანაკლიის პროექტის განვითარებაში. არაერთხელ გვითქვამს, რომ ანაკლიის პროექტი ჩვენთის მნიშვნელოვანია და ამ პროექტს ჩვენი მთავრობის უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს“- განმარტა მაია ცქიტიშვილმა.

width=600

დღესვე, ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის ვადა უკვე მე-6-ედ, ექვსი თვით გაუხანგრძლივა.

ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ კმაყოფილი დარჩა.

„მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტისთვის ფინანსების მოსაზიდად ვადის გახანგრძლივების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბანკებთან მოლაპარაკების პროცესის წარმატებით დასრულებისთვის“- განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გავრცელებულ განცხადებაში.

ექსპერტულ წრეებში ფიქრობენ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადების შემდეგ, შტატები საქართველოს ხელისუფლებას დიდი ლუპით დააკვირდება. ანალიტიკოსების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა პორტის მშენებლობაში სახელმწიფოს მზაობას ვერ დაინახავს, მაშინ პროექტში მონაწილეობაზე უარს იტყვის.

კახა გოგოლაშვილი: “სახელმწიფო მდივნის ღია გზავნილი ნიშნავს იმას, რომ  შტატები დაგვაკვირდება და თუ დაინახავს, რომ პოლიტიკური რისკი იქნება მაღალი, მაშინ პორტის განვითარებაში მონაწილეობას არ მიიღებს.“

თორნიკე შარაშენიძე:  “როცა საჯაროდ ასეთი ხმამაღალი განცხადება კეთდება, ეს ნიშნავს იმას, რომ  დახურულ კარს მიღმა კიდევ უფრო მკაფიო გზავნილები გაჟღერდებოდა. ამით ყველაფერი ნათქვამია. ამერიკა დაიღალა და გაღიზიანდა ანაკლიის პორტის გარშემო არსებული გაუგებრობით და ბოლოს და ბოლოს მოითხოვა გააგებინონ რა ხდება.“


შეგახსენებთ, რომ „ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი და დამფუძნებელი სწორედ ამერიკული კომპანიაა.

 

ავტორი: თაკო ტომარაძე