„ბავშვის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინის შეშუპებაა “- 4 წლის ნინო ზალინაშვილის დედა ბრალს არ აღიარებს

18:17 06-12-2019
31

სანზონაში, 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული გოგონას დედის ადვოკატის, თამარ დოხტურიშვილის განცხადებით, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და მიაჩნია, რომ მას შვილისთვის არცერთი დაზიანება არ მიუყენებია.

მისივე თქმით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინის შეშუპებაა, მაგრამ რა ვითარებაში მიიღო ბავშვმა ეს დაზიანება, არ იკვეთება.

„დღეს დაიკითხა გარდაცვლილი ბავშვის და, ანუ ლელა ქსოვრელის შვილი, რომელმაც აჩვენა, რომ დედა იყო ძალიან თბილი, ძალიან ყურადღებიანი ყველა შვილის მიმართ და ყოველთვის მოწესრიგებული ჰყავდა ყველა შვილი. ქსოვრელს შვილთან კონფლიქტი, რომ ჰქონოდა, ეს მოწმეს არ დაუფიქსირებია. დღეს დაკითხული პირი 4 წლამდე სხვაგან იზრდებოდა, ხოლო აგვისტოდან იანვრის ჩათვლით, ლელასთან იზრდებოდა და ბავშვს მასთან ურთიერთობა ჰქონდა. ლელა ქსოვრელი ბრალს არ აღიარებს და მიმაჩნია, რომ მას შვილისთვის არცერთი დაზიანება არ მიუყენებია. ის ძალიან განიცდის და სულიერად მძიმე მდგომარეობაშია. პრესასთანაც უჭირს ურთიერთობა. ბავშვის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინის შეშუპებაა, მაგრამ ბავშვმა რა ვითარებაში მიიღო ეს დაზიანება, არ იკვეთება. ამაზე არც კომპლექსური ექსპერტიზა არ არის ჩატარებული,“- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.

პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

2019 წლის 25 თებერვალს ლელა ქსოვრელს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის, ლ.ქ-ს სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან.