რა შემთხვევაში გასხვისდება მიწა უცხოელებზე - პარლამენტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა

18:09 06-12-2019
16

108 მომხრე 1 წინააღმდეგი - პარლამენტმა სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებების საბოლოოდ მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში კანონი რიგ საკითხებს კონსტიტუციის შესაბამისად დაარეგულირებს, მათ შორის მკაფიოდ გაიწერება რა შემთხვევაში შეეძლება სასოფლო სამეურნეო მიწის ფლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

მიწა შეიძლება იყოს უცხოელის საკუთრებაში, თუ ის მიიღო მემკვიდრეობით.

მიწა შეიძლება იყოს საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის ისეთი იურიდიული პირის საკუთრებაშიც, რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი.

გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ იღებს მთავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილია საინვესტიციო გეგმა.

საინვესტიციო გეგმით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტმა ერთი წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გასხვისება.

დაუშვებელია ისეთი მოთხოვნის ან უფლების დათმობა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობას შემდეგი პირებისთვის: უცხოელი, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი (რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი/საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი). ასევე, არ შეიძლება მიწის, როგორც უზრუნველყოფის საშუალების გამოყენება მათ სასარგებლოდ.

კანონით ახალი ვალდებულება ექნება იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც, რომლებიც უკვე ფლობენ საქართველოში მიწის ნაკვეთებს.

ისინი ვალდებული გახდებიან უზრუნველყონ ამ მიწის დანიშნულებისამებრ გამოყენება.

თუ სამი წლის განმავლობაში ამ მოვალეობას არ შეასრულებენ, დაეკისრებათ სანქცია.

თუ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეა, შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა, მის მიმართ გავრცელდება უცხოელისთვის გათვალისწინებული მოთხოვნები.