„კოალიცია თანასწორობისთვის“ გოგონათა მიმართ ძალადობის და ადრეული ქორწინების შემაშფოთებელ ფაქტებს ეხმიანება

17:50 06-12-2019
37

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებისა და მასზე იძულებითი ქორწინების საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ქმედითი და საგანგებო ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.

„კოალიცია თანასწორობისთვის“ გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და არასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესების დასაცავად საჭირო ზომების მიღებას ითხოვს.

„დაზარალებული, მაღალი ალბათობით, არის ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შიშის ქვეშ. არსებითია, მოხდეს მისი დაუყოვნებლივი იზოლირება მოძალადე პირის ოჯახიდან.  პროკურატურამ უზრუნველყოს საქმეზე სათანადო კვალიფიკაციის მინიჭება, რადგან ამ დრომდე, ბრალდებულის წინააღმდეგ საქმე აღძრულია მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით (არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის კავშირი), მაშინ, როცა საქმეში იკვეთება სსკ 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება), სსკ 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის (თავისუფლების უკანონო შეზღუდვა) და 1441-ე მუხლით (წამება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებიც. ბრალდებულს დაუყოვნებლივ ბრალი უნდა წარედგინოს აღნიშნული მუხლების შესაბამისადაც. ამასთან, პასუხისგებაში უნდა მიეცეს მსხვერპლის მიერ დანაშაულში მხილებული ყველა პირი. საქმეში სათანადოდ უნდა გამოიკვეთოს გამოძიების მიერ გენდერული დისკრიმინაციის მოტივი. სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით დადგინდეს არასრულწლოვნის ამჟამინდელი ფსიქო-სოციალური მდგომარეობა, რათა შეფასდეს არსებული და სამომავლო რისკები, რომელმაც შესაძლოა დააზარალოს არასრულწლოვნის ჯანმრთელობა და/ან სიცოცხლეს. დაუყოვნებლივ დაიწყოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ამ საქმეში გამოვლენილი სავარაუდო კანონდარღვევებისა და გულგრილობის ფაქტების გამოძიება.” - ვკითხულობთ განცხადებაში.