Exclusive „მმართველმა გუნდმა ჩემში მენეჯმენტის კეთების უნარი დაინახა“ - ზურა ხაჩიძის პირველი კომენტარი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ

17:28 06-12-2019
42

მომღერალი, ზურა ხაჩიძე დღეს, 12 ივნისს, სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილედ დაინიშნა. შეთავაზებულ თანამდებობას ხაჩიძე რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსთან - სოზარ სუბართან და რეგიონის გუბერნატორთან ბესიკ ამირანაშვილთან ერთკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ დათანხმდა. ზურა „პრაიმტაიმთან“ თავის გეგმებზე საუბრობს და გვიმხელს, რომ იწყებს თავისი მშობლიური რეგიონის პოპულარიზაციაზე ზრუნვას. 

ზურა ხაჩიძე: - გუბერნატორს უამრავი პროექტი აქვს დაგეგმილი და ამ პროექტების განხორციელებაში გუნდს ვუერთდები. ჩემი ძირითადი მიმართულება იქნება კულტურა, სპორტი, განათლება, ტურისტული პოტენციალის მოზიდვა. ასევე, ღონისძიებების გამართვა. პოპულარიზაციაში ამ ლამაზ და ღირსშესანიშნავ კუთხეს მინდა ხელი შევუწყო, გამოვაცოცხლო და აქტივობებით დავტვირთო. მოდის ზაფხული, ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. სადაც ჩემ ქვეყანას ვჭირდები, მეც იქ ვარ. 

- რაბათშია კონცერტი უკვე დაიგეგმა...

- ეს კონცერტი დაგეგმილი იყო. მასში „ქუჩის ბიჭები“, როგორც ჯგუფი, არ მონაწილეობენ, ცალკეულ სოლისტებად იმღერებენ გურამ ლომიძე, პაატა ხაჩიძე, ივანა მელაი, ასევე მსახიობი პაატა გულიაშვილი... მე დავესწრები როგორც გუბერნატორის მოადგილე. 

- რა გაქვს პირველად დაგეგმილი?

- ახლო მომავალში გავახმოვანებ. ჯერჯერობით გუბერნატორს დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში ვუერთდები. პირველად თქვენ გეუბნებით, საზაფხულოდ მინდა მუსიკალური ფესტივალის მოწყობა ბორჯომში, ვარძიაში... ბევრი კარგი პროექტია გეგმაში. მინდა ჩემი რეგიონის გამოცოცხლება. მოგეხსენებათ ბორჯომში დავიბადე, მისი საპატიო მოქალაქე ვარ. მინდა ჩემი გამოცდილება და ჯგუფში ჩადებული მენეჯმენტის ცოდნა გამოვიყენო. მგონია, რომ მმართველმა გუნდმა ჩემში სწორედ მენეჯმენტის კეთების უნარი დაინახა. ამიტომ ამ საქმეში უნდა გადავიტანო და მეტად პოპულარული გავხადო ტურისტულად მიმზიდველი კუთხე. 

- სად იცხოვრებ?

- მთელი ცხოვრება ვცდილობდი ბორჯომიდან წამოვსულიყავი და თავი თბილისში და მსოფლიოში დამემკვიდრებინა და ახლა, სიბერეში უკან ვუბრუნდები ჩემს ბორჯომს. 

- ოჯახი?

- ოჯახი თბილისში დარჩა. ჯერჯერობით არამგონია მათი ჩამოსვლის საჭიროება იდგეს. თუმცა ნებისმიერ დროს ჩამოვლენ ჩემთან. 

width=600

პოლიტიკური წარსული

ზურასთვის პოლიტიკა სიახლე არ არის. შვიდი წელია, სიმღერის პარალელურად, საზოგადოებრივ-პოლიტიკურად აქტიურია. 

„სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან შემოთავაზებები მაქვს. თუ ჩემი პოლიტიკური განწყობა, რომელიმე პოლიტიკური გუნდის შეხედულებებს დაემთხვევა, შეიძლება ჩავერთო და ისიც იმისთვის, რომ ჩემს სფეროში პარლამენტიდან რამე შევცვალო“, - აღნიშნავდა მომღერალი.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ზურა ხაჩიძე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი იყო და ის დიდუბის მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი ხაჩიძე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლდათ „პატრიოტთა ალიანსიდან“.

ავტორი: თამარ გონგაძე