7 დეპუტატი, რომელიც საზღვარგარეთ ძვირადღირებულ სახლებს ფლობს

16:51 06-12-2019
3996

 

პარლამენტის 150 დეპუტატს შორის არიან ისეთები, ვინც საქართველოს გარდა, უძრავ ქონებას ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ფლობენ. „პრაიმტაიმმა“ დეპუტატების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა, რის საფუძველზეც გაგაცნობთ  პარლამენტის წევრების უცხოურ ქონებას.

ედიშერ თოლორაია - „ქართული ოცნება“, დეპუტატი

მან ქონებრივი დეკლარაცია 2019 წელს შეავსო. დეკლარაციაში მითითებულია, რომ დეპუტატის შვილი, ნიკუშა თოლორაია 2006 წლიდან, მოსკოვში, ალმაატის რაიონში მდებარე, 51 კვ.მ ბინის 100%-იანი წილის მფლობელია. შეძენის ფორმად მითითებულია ჩუქება.

კობა ნაყოფია - „ნაციონალური მოძრაობა“, დეპუტატი

დეკლარაციაში, რომელიც კობა ნაყოფიამ 2018 წელს შეავსო, მითითებულია, რომ ის გახლავთ მოსკოვში, კაშერსკოე შოსეს N55-ში მდებარე ბინის მფლობელი, რომელიც 55 კვ.მ ფართობისაა და 1995 წელს 56 000 აშშ დოლარად შეიძინა. რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, კობა ნაყოფიას მფლობელობაშია ოფშორული კომპანია, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. 

სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“, დეპუტატი

კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც უძრავ ქონებას საზღვარგარეთ ფლობს, სალომე საადაშვილია. 2018 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, სამადაშვილს სახლი აქვს ირლანდიაში, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავად არის. სამადაშვილმა სახლი 2015 წელს 80 000 ევროდ შეიძინა.

პაატა კვიჟინაძე - „ქართული ოცნება“, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი.

2018 წლის დეკლარაციის თანახმად, კვიჟნაძე მოსკოვში, ტუხაჩევსკის ქუჩაზე მდებარე ბინის 100%-იანი წილის მფლობელია. მან აღნიშნული ბინა 2001 წელს 40 000 აშშ დოლარად შეიძინა. კვიჟინაძე ასევე ფლობს კიდევ ერთ ბინას მოსკოვში, ტოლბუხინის ქ.11-ში, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, 2007 წელს შეიძინა და მასში 100 000 აშშ დოლარი გადაიხადა. კვიჟინაძის მფლობელობაშია რუსეთში მიწის ნაკვეთიც, კერძოდ სოფელ სოლოსლოვოში (2000 კვ.მ). აღნიშნულ ქონება მან 2004 წელს შეიძინა და 200 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

 

ლევან კობიაშვილი - „ქართული ოცნება“, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი.

უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც საზღვარგარეთ სოლიდურ ქონებას ფლობს, ყოფილი ფეხბურთელი და სფფ-ს პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილია. 2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, კობიაშვილის 50%-იან თანასაკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი გერმანიაში, დუსელდორფში. 425 კვ.მ მოცულობით სახლი მან 2005 შეიძინა. მის საკუთრებაშია იქვე მდებარე 750 კვმ.-ის მიწის ნაკვეთიც. კობიაშვილს დეკლარაციაში თანამესაკუთრედ NULL NULL 50% - აქვს მითითებული. ლევან კობიაშვილი ასევე 50%-იან წილს ფლობს საცხოვრებელ სახლში, რომელიც ბერლინში მდებარეობს. მისი ფართობი 550 კვ.მ-ია, ხოლო თანამესაკუთრედ აქაც NULL NULL 50% - აქვს მითითებული. სახლი 2014 წელსაა შეძენილი.

შოთა შალელაშვილი - „ქართული ოცნება“, დეპუტატი

შოთა შალელაშვილმა ბოლო დეკლარაცია 2019 წელს შეავსო. მის სახელზე საზღვარგარეთ რეგისტრირებული ქონება ასე გამოიყურება: სახლი ისრაელში (650 კვ.მ), რომელიც მან 2010 წელს შეიძინა.  მიწის ნაკვეთის, რომელიც ასევე ისრაელში მდებარეობს და ნასყიდობით, 1995 წელსაა შეძენილი 3 600 000 დოლარად. შოთა  შალელაშვილმა 2012 წელს მემკვიდრეობით მიიღო კიდევ ერთი ბინა ისრაელში, აშდოდში. ისრაელის გარდა დეპუტატი უძრავ ქონებას ფლობს რუსეთშიც. მის სახელზე ირიცხება 155 კვ.მ ფართობის ბინა მოსკოვში, გონჩარინში. შეძენის ფორმად მითითებულია ნასყიდობა, ღირებულბად 1 390 000 დოლარი, ხოლო შეძენის თარიღი - 1992 წელი.

ნატო ჩხეიძე - დამოუკიდებელი დეპუტატი

ნატო ჩხეიძის დეკლარაციაში საზღვარგარეთ უძრავი ქონება არ ფიქსირდება, თუმცა მას მითითებული აქვს მეუღლის, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სახელზე რეგისტრირებული ბინა. 2018 წლის დეკლარაციით, ზაზა ოქუაშვილი 100%-იანი წილის მფლობელია დიდ ბრიტანეთში, ლონდონში მდებარე ბინის, რომელიც 2013 წელსაა შეძენილი. ღირებულებად მითითებულია 6 500 000 გირვანქა სტერლინგი.

ავტორი: თამუნა გოგოლაძე