4 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეში გარდაცვლილის დას დაკითხავენ

16:49 06-12-2019
21

სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული დედის, ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, გარდაცვლილის და, და ოთხი  გამომძიებელი დაიკითხება. ამის შესახებ სასამართლო სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.

პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

2019 წლის 25 თებერვალს ლელა ქსოვრელს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის, ლ.ქ. სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე.

აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან