მაია ცქიტიშვილი- კომპანიის სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ბანკს თავად სამინისტრომ მიაწოდა

13:28 06-12-2019
1

“ეს არ ნიშნავს ამ კომპანიისთვის საქართველოში საქმიანობის შეჩერებას- ეს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული კომპანია 9 თვის განმავლობაში  მსოფლიო ბანკის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.“- ასე განმარტავს ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მსოფლიო ბანკის გადაწტყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციას (CRCC) და მის შვილობილ კომპანიებს მსოფლიო ბანკის ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიზეზი რის გამოც მსოფლიო ბანკმა აღნიშნულ კომპანიას 9 თვის განმავლობაში ტენდერებში მონაწილეობა აუკრძალა- 2017 წელს, ამ კომპანიის მიერ შევსებულ სატენდერო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი დარღვევებია. მინისტრის განმარტებით, დარღვევები გზების დეპარტამენტმა აღმოაჩინა და მსოფლიო ბანკმა კომპანიას შეზღუდვები სწორედ სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად დაუწესა.

“საქმე ეხება 2017 წელს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერს, რომელიც ეხებოდა ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის, ანუ რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთს. გზების დეპარტამენტმა ამ ტენდერში წარდგენილი დოკუმენტაციების შესწავლის დროს აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი კომპანიის სატენდერო დოკუმენტაციაში იყო დარღვევები და ამის შესახებ ვაცნობეთ მსოფლიო ბანკს, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. ამ კომპანიას 9 თვის განმავლობაში შეუზღუდა მსოფლიო ბანკის სხვა- ახალ ტენდერებში მონაწილეობის მიღება.თუმცა, აგრძელებს იმ პროექტებზე მუშაობას, რომელიც უკვე დაწყებული აქვს.  მართალია მსოფლიო ბანკმა გადაწყვეტილება გამოაცხადა ახლა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სამინისტრომ კომპანიას დარღვევები 2017 წელს აღმოუჩინა, უბრალოდ ამ ტიპის საკითხების განხილვას დიდი დრო სჭირდება- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ,მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრაქტორ კომპანიას - ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციას (CRCC) და მის შვილობილ კომპანიებს, მათ შორის ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბირუოს ტენდერებში მონაწილეობა 9 თვით აეკრძალათ.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, კომპანიამ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ტენდერში მცდარი ინფორმაცია წარადგინა, რითიც მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები დაარღვია. 

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაცია საქართველოში სხვა მსხვილ პროექტებეც მუშაობდა, მათ შორისაა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგაისტრალის პროექტი და თბილისი-ბათუმის რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, რომლის ღირებულებაც $278 მილიონ დოლარს შეადგენს.