საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად დევდარიანის სარჩელი არ მიიღო

12:40 06-12-2019
75

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანის სარჩელი განსახილველად არ მიიღო. ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

დევდარიანი სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული იმ დასკვნას ასაჩივრებდა, რომლის მიხედვითაც ქალების სექსუალური შევიწროება დაუდასტურდა.

დევდარიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში უნდა გაუქმდეს ის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, სახალხო დამცველის რეკომენდაცია საბოლოოა და მისი გასაჩივრება არ შეიძლება. სარჩელის მიხედვით, კანონის ეს ნორმა არაკონსტიტუციურია.

თუმცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მისი ეს სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. მოსამართლეების განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

ცნობისთვის, სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ზვიად დევდარიანმა 2018 წლის აპრილში სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ განაცხადა.

ამის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 12 პირის წინააღმდეგ შეიტანა, თუმცა მაშინ სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა. განმეორებითი მიმართვის შემდეგ კი საქმე წარმოებაში 2 ივლისს მიიღო.

დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, შსს-მ 2018 წლის 23 მარტს გამოძიება სსკ-ის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს.