თორნიკე შარაშენიძე- როცა საჯაროდ ასეთი ხმამაღალი განცხადება გაკეთდა, დახურულ კარს მიღმა კიდევ უფრო მკაფიო გზავნილები გაჟღერდებოდა

11:53 06-12-2019
6

„როცა საჯაროდ ასეთი ხმამაღალი განცხადება კეთდება, ეს ნიშნავს იმას, რომ  დახურულ კარს მიღმა კიდევ უფრო მკაფიო გზავნილები გაჟღერდებოდა. ამით ყველაფერი ნათქვამია. ამერიკა დაიღალა და გაღიზიანდა ანაკლიის პორტის გარშემო არსებული გაუგებრობით და ბოლოს და ბოლოს მოითხოვა გააგებინონ რა ხდება“,- ასე აფასებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

როგორც თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, ამერიკის ინტერესი ანაკლიის პროექტის განხორციელებაში მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს გაძლიერებაა. რადგან, პორტი მთლიანად კომერციული პროექტია და მოსაზრებები, თითქოს შტატებს მასში სამხედრო ფლოტის განთავსება სურს- რეალობას არ შეესაბამება. 

„შტატების მოწოდება იყო ის, რომ საქართველომ დაასრულოს ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც პირველ რიგში სწორედ საქართველოს ინტერესშია და არა ამერიკის. ამერიკის ინტერესში ამ შემთხვევაში არის მხოლოდ საქართველოს გაძლიერება. ეს არის კომერციული პორტი და მასში ვერანაირი სამხედრო ფლოტი რა თქმა უნდა ვერ განლაგდება“,- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება.

მანვე აღნიშნა, რომ „პორტის პროექტი თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას, ვინაიდან მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით“.