ექიმებზე თავდასხმა, საავადმყოფოებში შეჭრა - რეალური ისტორიები და არარსებული სტატისტიკა

17:59 06-11-2019
12

პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის, ხოლო განმეორებით შემთხვევაში - 2 000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტში მითითებულია, რომ ცვლილებების ერთ-ერთი მიზანია „გახშირებული ძალადობის შემთხვევები“.

სამედიცინო პერსონალზე თავდასხმის სტატისტიკა არ არსებობს.

მონაცემები არ აქვთ არც ჯანდაცვის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში, რადგან აქამდე კანონში ჩანაწერი „ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა”-არ არსებობდა.

კანონპროექტის ავტორების თქმით, სამედიცინო პერსონალზე თავდასხმებმა მოიმატა.

„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ სამედიცინო პერსონალზე და დაწესებულებებზე თავდასხმების გახმაურებულ ისტორიებს:

47 წლის მამაკაცს, რომელმაც გამოძახებაზე სასწრაფოს ექიმები მიიყვანა, პაციენტის ახლობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანებული ჰქონდა შინაგანი ორგანოები და ყბა-სახის არე.

ექიმები ასევე ყვებიან, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, რომელსაც პაციენტი აპენდიციტის დიაგნოზით კლინიკაში გადაჰყავდა. პაციენტის ნასვამი ნათესავები მანქანას უკან დაედევნენ და ხელს უშლიდნენ გადაადგილებაში. დაპირისპირება საავადმყოფოს ეზოში გაგრძელდა, რა დროსაც ისინი მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ დაცვის თანამშრომელს სცემეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, დაპირისპირება დაცვის თანამშრომელსა და პაციენტის ნათესავებს შორის მოხდა. მიზეზი პაციენტთან არშეშვება გახდა.

კლინიკაში 17 წლის პაციენტის ოჯახის წევრები შეიჭრნენ. ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახეს, რომლებმაც საავადმყოფოში მყოფი დაზარალებული პაციენტის ოჯახის წევრები და ახლობლები შენობიდან გაიყვანეს. დაზიანება მიიღო საავადმყოფოს დაცვის წევრმაც.

სამედიცინო ცენტრ „გორმედში რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 60 წლის მამაკაცის გარდაცვალებას პაციენტის ახლობლების მხრიდან, საავადმყოფოს მედპერსონალის მიმართ აგრესია მოჰყვა. გარდაცვლილის ნათესავები რეანიმაციულ განყოფილებაში შეიჭრნენ. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

ქუთაისში, კლინიკაში „მედიქალსიტი“ მცირეწლოვანი პაციენტი გარდაიცვალა. მომხდარის გამო, გარდაცვლილის ახლობლები შენობაში შეიჭრნენ და ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ, ასევე, დააზიანეს კლინიკის კუთვნილი ტექნიკა.

ზუგდიდში ბავშვის გარდაცვალებაში მოზარდის მშობლები და ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ. შენობაში შეჭრილმა ნათესავებმა ჩაამტვრიეს ფანჯრები და ექიმებს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.

ცხვირის ოპერაციის შემდეგ, კომაში მყოფი გოგონას ახლობლები საავადმყოფოში შეიჭრნენ.

პაციენტთან გამოძახებულ მედპერსონალს პაციენტის მეუღლე, დახვდა არაფხიზელ მდგომარეობაში, აგრესიით გამოირჩეოდა, ექიმებს უყვიროდა დაგვიანებაზე, შემდეგ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და უფროს ექიმს მიადო შუბლზე. უფროსმა ექიმმა თავის არიდება სცადა, რა დროსაც ზურგზე შეახტა მამაკაცი, რომელიც პაციენტის მამა იყო. ბრიგადა გამოიქცა მისამართიდან.

ავტორი: თორნიკე ხურციძე