შედეგზე პასუხისმგებლობას ვიღებ, თუმცა წარუმატებლობას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს - ვლადიმირ ვაისი დანიასთან მარცხზე

12:34 06-11-2019
46

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები დანიას ესტუმრა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა:

„მატჩი უკეთესმა გუნდმა მოიგო. პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრებამ, გარკვეული თავდაჯერება შეგვმატა, ცუდად არ ვთამაშობდით, მაგრამ შემდეგ იყო ორი გოლი, რომლებიც არ უნდა გაგვეშვა, რადგან ვფიქრობ რომ პენალტი არ იყო და მესამე გოლის ეპიზოდში დანიელებმა ჩვენი მეკარის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვიეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, დანიამ მოგება დაიმსახურა, რადგან ბევრად უკეთესად ითამაშა და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ დღევანდელ თამაშში მსაჯების დახმარება არ სჭირდებოდათ.

დანიის წინააღმდეგ იმ შემადგენლობით ვითამაშეთ, რომელიც ფიზიკურად უკეთესად იყო მომზადებული. რა თქმა უნდა, შედეგზე პასუხისმგებლობას ვიღებ, თუმცა დღევანდელ წარუმატებლობას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს. ასეთ მომენტებში აუცილებელია მეტი კონცენტრაცია, თუმცა, როდესაც ანგარიში 3:1 გახდა, ზონები გაიხსნა და ყველაფერი უფრო გართულდა.“ - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა

ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო შეხვედრას 8 სექტემბერს კვლავ დანიის ნაკრების წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ გამართავს.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე