კახა კალაძე - მიდგომა, ვაშენებ სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, კატეგორიულად მიუღებელია

11:49 06-11-2019
28

თბილისის მერმა კახა კალაძემ,   ქაოტური განაშენიანების მოწესრიგების მნიშვლეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქალაქი უნდა განვითარდეს, თუმცა სწორი მიმართულებით. დედაქალაქის მერის განცხადებით, მიუღებელია მიდგომა -"სადაც მინდა ავაშენებ"ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევის პრეზენტაციის გახსნისას განაცხადა.

„მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავივიწყოთ, უნდა მოხდეს ქალაქის სწორი განვითარება. ჩვენ ეს პრობლემები გვქონდა წლების განმავლობაში და შედეგიც არის სახეზე ის, თუ როგორ განვითარდა ჩვენი ქალაქი. ჩვენ მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ და პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, არის განსხვავებული მიდგომები. რა თქმა უნდა, ქალაქი წინ უნდა წავიდეს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად, უნდა გავაკეთოთ ხარისხიანად. ის მიდგომები და დამოკიდებულება, რაც იყო წლების განმავლობაში, რომ ვაშენებ სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, ეს ნამდვილად არ გამოვა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ზოგადად, სამშენებლო სექტორი და ბიზნესიც გადაეწყო იმ მოთხოვნებზე და მიდგომებზე, რომელიც ჩვენი მხრიდან განისაზღვრა. სწორედ ასე იქნება ქალაქის სწორად განვითარება შესაძლებელი",- განაცხადა კალაძემ.

თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევის პრეზენტაციას კომპანია „Deloitte საქართველო“ სასტუმრო "რედისონში" ამ წუთებში მართავს.