სოფიო ხუნწარია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა

18:09 06-10-2019

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მერის მოადგილემ და ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ექიმებს იმ სიახლეების შესახებ აცნობეს, რომელიც უახლოეს მომავალში დაინერგება. საუბარი, ძირითადად, ცენტრის ავტოპარკის განახლებას და არამიზნობრივი გამოძახებების შესამცირებლად საჭირო ღონისძიებებს შეეხო.

სოფიო ხუნწარიის ინფორმაციით, ცენტრის ავტოპარკი ეტაპობრივად განახლდება 80 ახალი სპეცმანქანით. პროცესი მიმდინარე წელს დაიწყება და მომავალი წლის იანვარ-თებერვალში დასრულდება. ასევე, უახლოეს მომავალში ამუშავდება პროტოკოლები, რომელიც არამიზნობრივი გამოძახებების პრობლემას მაქსიმალურად მოაგვარებს.

სოფიო ხუნწარიას განცხადებით, დედაქალაქის მერიის მიზანია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლების საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.

შეხვედრას თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ყველა ფილიალის მენეჯერები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უფროსი და უმცროსი ექიმები და მძღოლები დაესწრნენ.