8 წლის გოგოს გაუპატიურების, წამების და მკვლელობის გამო 6 კაცი გაასამართლეს

13:15 06-10-2019
2253

8 ბრალდებულიდან 6 მამაკაცი, 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში, წამებასა და მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. განაჩენი საგანგებოდ მოწვეულმა სასამართლომ დღეს გამოიტანა. ინფორმაციას “ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

მათ სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. 

მკვლელობა ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ტერიტორიაზე მოხდა. მსხვერპლი 8 წლის მუსულმანი გოგონაა. მისი ცხედარი ქალაქ კატხუასთან ახლოს ტყეში, 2018 წლის იანვარში იპოვეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 8 წლის ბავშვი მამაკაცების ჯგუფმა სასტიკად აწამა. მათ გოგონაზე სექსუალურადაც იძალადეს და შემდეგ მოკლეს.

რვავე ეჭვმიტანილი დანაშაულს უარყოფდა.

ბრალდებულებს შორის არიან: ყოფილი სამთავრობო პირი, პოლოიციის ოთხი ოფიცერი და არასრულწლოვანი ბიჭი. ისინი ინდუსები არიან და გამოძიება მომხდარს რელიგიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულად განიხილავს.

არასრულწლოვანისთვის სასამართლო ცალკე გაიმართება.

ბავშვის დედა ყოფილი სამთავრობო პირისა და პოლიციის ერთ-ერთი ოფიცრისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვს, რადგან მისი თქმით, სწორედ ამ ორი ადამიანის ორგანიზებით მოხდა დანაშაული.

ბრალდებულების ადვოკატი კი აცხადებს, რომ განაჩენი მხოლოდ „გარემოებით სამხილებს“ ეყრდნობა და დაცვის ქვეშ მყოფებისთვის მინიმალურ სასჯელს ითხოვს.

8 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობის ფაქტი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფაქტია. დანაშაულის სიმძიმემ ქვეყანაში ახალი კანონის შემოღების საკითხი დააყენა. კანონპროექტის თანახმად, ინდოეთში სიკვდილით უნდა დაისაჯოს ყველა, ვისაც 12 წლამდე ასაკის ბავშვის გაუპატოურებაში ცნობენ დამნაშავედ.

8 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეს არეულობაც მოჰყვა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ,  ინდოეთის ინდუსმა მინისტრებმა ეჭვმიტანილი მამაკაცების მხარდამჭერ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

მოკლულის მშობლები აცხადებენ, რომ ქალაქ კატხუაში მათ საფრთხე ემუქრებათ, რადგან ეს ტერიტორია ძირითადად ინდუსებით არის დასახლებული.