მოხუცი ცოლ-ქმრის სასტიკი მკვლელობის უკან „კანონიერი ქურდი“ ნადირ სალიფოვი დგას?!

21:43 06-09-2019
18

მოხუცი ცოლ-ქმრის მკვლელობის უკან შესაძლოა ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ნადირ სალიფოვი იდგეს, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „ლოტი გულის“ მეტსახელით იცნობენ.

გარდაბანში 77 წლის ქალი და მისი 84 წლის მეუღლე ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა 7 ივნისს მოკლეს. „პრაიმტაიმის“ ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, მოხუცი ცოლ-ქმარი მკვლელობამდე სასტიკად სცემეს. ცხედრებს იმდენად სერიოზული დაზიანებები ჰქონდათ მიღებული, რომ მეზობლებს მათი ამოცნობაც კი გაუჭირდათ.

width=600

სავარაუდოდ, სიკვდილი სწორედ ცემის შედეგად მიყენებულმა მძიმე დაზიანებებმა გამოიწვია, ვინაიდან, როგორც შსს-ში განგვიმარტეს, საქმეში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს.

თვითმხილველები ყვებიან, რომ მკვლელობის ადგილზე თავდამსხმელებმა ტალახით წარწერა დატოვეს - „მალე ჩამოდი, შენც გაგისწორდებით“.

ეს შეტყობინება, გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ვაჟს ეკუთვნის, რომელიც მეზობლების გადმოცემით, რუსეთში იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ასაკოვანი წყვილის მკვლელობის მოტივი სწორედ შვილის მიმართ შურიძიება იყო.

როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, ზუსტად ერთი წლის წინ, სალიფოვების გარემოცვამ დაახლოებით მსგავსი შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა ვინმე ჯამბულა (ჯაბა) ალიხალილ ოღლისაც, რომლის მძახალის, ზაზა ბაირამოვის კუთვნილი ავტომობილი 2018 წლის 16 მაისს დიღმის მასივში ააფეთქეს. აფეთქებიდან ერთ საათში კი ჯამბულა ალიხალილ ოღლიმ მობილურ ტელეფონზე მიიღო შემდეგი სახის სმს – „შემდეგი შენ იქნები.“

width=600

როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბარში აჯიხალილ ოღლიმ განაცხადა, სმს მას უცხოური ნომრიდან მისწერეს და ქურდული გარჩევის მიზნით სტამბოლში სალიფოვებთან ჩასვლას სთხოვდნენ. თავად, დაზარალებულმა ზაზა ბაირამოვმა კი გვითხრა: 

„მე ყოფილი პოლიციელი ვარ. „კანონიერ ქურდებს“ ჩემთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ და მე ვერც ვერავინ დამიბარებდა ქურდულ გარჩევაზე. ეს მესიჯი მიიღო ჩემმა მძახალმა ჯაბამ (ჯამბურა აჯიხალილ ოღლი), რომელსაც ჩემი ავტომობილის დაწვიდან ზუსტად ერთ საათში მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება – „შემდეგი შენ იქნები“. სავარაუდოდ, ეს იყო გაფრთხილება მის მიმართ“, - განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ზაზა ბაირამოვმა.

ცნობისთვის: დმანისში დაბადებული ძმები სალიფოვები საქართველოს მოქალაქეები არიან. ბოლო პერიოდში ქურდულ სამყაროში სალიფოვების აზერბაიჯანული კლანის გავლენები საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მრავალწლიანი პატიმრობიდან აზერბაიჯანის ციხე „ლოტი გულიმ“ დატოვა. შაქრო კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ კი მას „ბოსების ბოსობასაც“ უწინასწარმეტყველებდნენ.

ნადირ სალიფოვის, იგივე „გულის“ სახელმა გაიჟღერა გასული წლის 12 სექტემბერს, აბანოთუბანში რესტორან „მასპინძელოსთან“ მომხდარი მკვლელობის საქმეშიც. „ლენდ კრუიზერის“ მარკის ავტომობილში სალიფოვის უახლოესი გარემოცვის წევრი და მისი მარჯვენა ხელი, 42 წლის ელშან მამედოვი ჩაცხრილეს.

მოგვიანებით, აღნიშნული დანაშაულისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს რუსეთის ფედერაციის ორ მოქალაქეს – 42 წლის გუსეინ ისკანდეროვს და 38 წლის ემინ ახმედოვს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა და ოფიციალური ძებნა გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ ნადირ სალიფოვს საქართველოში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებებზე დღესაც სერიოზული გავლენები აქვს, კერძოდ, გარდაბანში, მარნეულსა და დმანისში. 

ძმები სალიფოვების დაჯგუფების წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველად 2013 წლის სექტემბერში გამოიჭირა. ოფიციალური ინფორმაციით, ქვემო ქართლში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთდროულად დააკავეს ქურდული სამყაროს 13 წევრი, რომელთა ნაწილს იმხანად აზერბაიჯანის ციხეში მყოფი ნადირ სალიფოვი მართავდა.

ჩვენი ინფორმაციით, ამ დაჯგუფების რამდენიმე წევრი 2013 წლამდეც სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი, მათ შორის ძმები რასიმ და ნამიკ ოფჩიევები. რასიმი 2002 წელს მოსკოვში დააპატიმრეს და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გაასამართლეს, მისი ძმა ნამიკ ოფჩიევი კი საქართველოში 2007 წელს აიყვანეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით. ამავე კლანს განეკუთვნებოდა 1990 წელს დაბადებული რაშიდ გეიდაროვი, რომელიც 2011 წელს აზერბაიჯანში იქაური კანონმდებლობით გაასამართლეს.