„სამზარეულოს ომები“ – „ფორმულა კრეატივის“ ახალი შოუ

17:13 06-09-2019
576

10 ივნისს 22 საათზე „რუსთავი 2“-ზე ახალი კულინარიული შოუს პრემიერაა. შოუ „ფორმულა კრეატივის“ პროდუქტია, ისევე როგორც “ჩემი სამზარეულოს წესები”. “სამზარეულოს ომები” - ასე ქვია ახალ კულინარიულ გადაცემას, რომელიც გამორჩეულია თავისი ფორმატით, რადგანაც ის არც ერთი არსებული უცხოური ან ქართული კულინარიული შოუს ანალოგს  არ წარმოადგენს.

გადაცემა ყოველ ორშაბათს გავა ეთერში. ჟიური სამი წევრისგან შედგება. მათგან ორი ქართული აუდიტორიისთვის კარგად ცნობილი ნიკა გვარამია და ხალხის რჩეული შეფი - გურამ ბაღდოშვილი იქნებიან, ჟიურის მესამე წევრი კი, მიშა ავსაჯანაშვილი სრულიად ახალი სახეა ქართული აუდიტორიისთვის და პირველად სწორედ „რუსთავი 2“-ზე, “სამზარეულოს ომებში” გამოჩნდება. მიშა სპეციალურად სამზარეულოს ომებისთვის ჩამოვიდა კიევიდან.  ის კიევის 12 რესტორნის ბრენდშეფი, და ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა ქართველი შეფია.

 “სამზარეულოს ომებისთვის” ორ თვიანი კასტინგის შედეგად 16 საუკეთესო, ყველაზე გამბედავი და ამბიციური წყვილი შეირჩა. მონაწილეები, თავის მხრივ, ძალიან საინტერესო ტიპაჟები არიან, მათი მოტივაცია და სიყვარული კულინარიის მიმართ და გამორჩეული ბრძოლისუნარიანობა, შოუს კიდევ უფრო დაძაბულსა და საინტერესოს გახდის. წყვილები იბრძოლებენ გამარჯვებისთვის და ტიტულისთვის - „ქვეყნის საუკეთესო მზარეული“. გამარჯვებული წყვილი მიიღებს ორ ბინას. 

„მაყურებელი ნახავს ერთმანეთს როგორ ეჯიბრებიან პროფესიონალი და ნახევრად პროფესიონალი შეფები. გამარჯვებისთვის აუცილებელი პირობაა გუნდური მუშაობა და ურთიერთბალანსი, მონაწილეების პროფესიონალიზმიც ძალიან მკაცრად და სამართლიანად შეფასდება. სამზარეულოს ომების ყოველი ეტაპი ომი იქნება, შეჯიბრები ეტაპობრივად გართულდება და იქნება ძალიან მრავალფეროვანი. ყველა ეტაპს გამოკვეთილად ეყოლება - ერთი გამარჯვებული და ერთი დამარცხებული, გლადიატორის ბრძოლების პრინციპით. თუ გუნდი მეტოქე გუნდთან წააგებს, მაშინვე ეთიშება თამაშს. ორივე გუნდი, თანაბარ პირობებში,   პარალელურ რეჟიმში, ამზადებს. მაყურებელი კი თვალს ადევნებს ორივე წყვილს. შემდეგ ეტაპზე გადასულ გუნდს კი ჟიურის ხმათა უმრავლესობა წყვეტს. შოუს ტემპი იქნება სულ დრამატული და დაძაბული, არ იქნება შუალედები, სადაც ცეცხლი შენელდება“ – „პრაიმტაიმს“ ესაუბრა სალომე თავაძე, „ფორმულა კრეატივის“ მარკეტინგის მენეჯერი. 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე