გადაუდებელი დახმარების ცენტრს 7 რეანიმობილი და სასწრაფოს ორი სპეცმანქანა შეემატა

17:35 06-07-2019

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს 7 რეანიმობილი და სასწრაფოს 2 სპეცმანქანა შეემატა. ეკიპაჟების აღჭურვილობა ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ზაზა ბოხუას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ პირადად გააცნო.  მანვე სასწრაფო დახმარების ტექნიკური განვითარების შესახებ ფოტოგამოფენაც დაათვალიერა. 

რეანიმობილები კლინიკებს შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა გადასაყვანად და საგანგებო სიტუაციების დროს, ადგილზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდებისთვის გამოიყენება. ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სპეცტრანსპორტით ყველა სიმძიმის პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირება იქნება უზრუნველყოფილი. რეანიმობილები ხელოვნური სუნთქვის აპარატებით, პაციენტის რეანიმაციული მონიტორებით, გადასასხმელი ხსნარების ტემპერატურის მარეგულირებელი სხვადასხვა ტიპის საინფუზიო მოწყობილობებით, დეფიბრილატორებით, ელექტრომქაჩებით, მაღალი ტვირთამწეობის საკაცეებითა და საფიქსაციო მოწყობილობებით არის აღჭურვილი. 

2 მაღალი გამავლობის, სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანით შეივსება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი. ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, ეკიპაჟების საშუალებით ყველა ტიპის რელიეფზე გადაადგილება და პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იქნება შესაძლებელი. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის სპეცმანქანების გადაცემა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განვითარებას ისახავს მიზნად.