100 მოკლული აქტივისტი - პროდემოკრატიული აქცია სუდანში სისხლისღვრად იქცა

11:37 06-05-2019
37

სუდანის დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქცია სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

არეულობა მაშინ დაიწყო, როდესაც გარდამავალი სამხედრო საბჭოს შეიარაღებულმა ძალებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. ოპოზიციური ჯგუფის განცხადებით, მოკლულია 100 აქტივისტი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სუდანის დედაქალაქის, ხარტუმის ქუჩებში გასამხედროებული ჯგუფები დადიან და მოქალაქეებს თავს ესხმიან.

სუდანის შეიარაღებული ძალების  ქმედება საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო.

სუდანის კრიზისთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა გაეროში, სადაც გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ სუდანს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს, თუმცა ეს რეზოლუცია ჩინეთმა და რუსეთმა დაბლოკეს.

რა ხდება სუდანში?

საპროტესტო აქციები სუდანში, სამხედრო შტაბის წინ 6 აპრილს დაიწყო. ანუ 5 დღით ადრე, სანამ ამბოხის შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტს გადააყენებდნენ. ომარ ალ ბაშირის 30 წლიანი მმართველობის დასრულების შემდეგ, შეიქმნა გარდამავალი სამხედრო საბჭო. პროდემოკრატიული დემონსტრაციების ორგანიზატორებსა და სამხედრო საბჭოს შორის შედგა შეთანხმება, რომ სამწლიანი გარდამავალი პერიოდი არჩევნებით დასრულდებოდა.

თუმცა ორშაბათს შეიარაღებულმა ძალებმა დემოკრატიის მომხრე აქტივისტების დაშლა დაიწყეს და მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს.

სუდანის გარდამავალმა სამხედრო საბჭომ ოპოზიციურ ძალებთან ყველა შეთანხმება გააუქმა და აცხადებს, რომ ასე უფრო მალე შეძლებენ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. კერძოდ, 3 წლის ნაცვლად, მათ არჩევნები 9 თვეში დანიშნეს. ოპოზიციური ფრთა და დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ ამ ვადაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ყოფილ მთავრობასთან ასოცირებული პოლიტიკური ქსელის დაშლა ვერ მოესწრება.

ავტორი: მარიამ გიგანი