ეროვნული თავდაცვის აკადემია უახლესი ტექნიკითა და სასწავლო საშუალებებით აღიჭურვა

08:21 06-05-2019
35

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახლადგახსნილი თანამედროვე ლაბორატორიები და საკლასო ოთახები დაათვალიერა.

აკადემიის ხელმძღვანელობამ თავდაცვის მინისტრს გააცნო ფიზიკის, ქიმიის, მექანიკის, ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის სასწავლო ლაბორატორიები, რომლებიც უახლესი ტექნიკური მოწყობილობებითა და საშუალებებით არის აღჭურვილი. ლევან იზორიამ დაათვალიერა საცეცხლე მომზადების, სამხედრო ტოპოგრაფიისა და საინჟინრო მომზადების ახალი საკლასო ოთახებიც, სადაც სადემონსტრაციო და საიმიტაციო საშუალებებია განთავსებული. 
სამხედრო სასწავლებლის ახალ შესაძლებლობებს, მინისტრთან ერთად, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე გაეცნო.

ეთა-ს თანამედროვე ლაბორატორიები და საკლასო ოთახები ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში იუნკერების მაქსიმალურ ჩართულობას და თეორიული ცოდნის გამტკიცებას.