ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია - ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი კალანდიას დაკავებაზე

13:25 06-04-2019
308

ზაზა სარალიძემ მიხელ კალანდიას დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. 

„ფაქტობრივად ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია მაგრამ წინ არის სასამართლო პროცესი, თუ როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას და შეეცდება თუ არა მის ე.წ. გაპრავებას. დაველოდოთ მოვლენებს“, - განაცხადა სარალიძემ.

მისი თქმით, მას მოლოდინი ჰქონდა რომ კალანდიას დააკავებდნენ. მის მიერ შიდაგამოძიების დროს, მან კალანდიას ბრალეულობა დაადგინა.

„ეს სამართალი საჭირო იყო, იმისთვის რომ მსგავსი პრეცენდენტები არ განმეორდეს.  ვნახოთ, როგორ დაასაბუთებენ ძალოვანი უწყებები, რატომ მოხდა ეს ასე და რატომ გაჭიანურდა გამოძიება“, - აღნიშნა სარალიძემ.

სარალიძის თქმით, განცდა იმისა, რომ სამართალი აღდგა, იქნება მაშინ როდესაც ყველა პირი იქნება დასჯილი.

„იქ არის კიდე დამნაშავე პირები, რომლებმაც ჩაიდინეს სხვადასხვა დანაშაული როგორც არასრულწლოვნებმა ისე სრულწლოვნებმა“, - აღნიშნა სარალიძემ

3 ივნისს, სააპელაციომ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში არასრულწლოვანი გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

რაც შეეხება გ.ბ.-ს,  მის მიმართ ბრალდების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ის დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ უდანაშაულოდ ცნო.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ.

ამასთან, ორივე მათგანს შეეცვალა სასჯელის ზომა და 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ასევე, მიმდინარე წლის 22 მაისს ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ არასრულწლოვანს დ.ღ.-ს განაჩენი გამოუტანეს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

მკვლელობის საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს.