პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მვკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ დ.ღ-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

20:09 05-22-2019

პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მვკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებულ დ.ღ-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დ.ღ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

გამოძიებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ  დ.ღ-მ ჩაიდინა ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეში ცრუ ინფორმაციის მიწოდება და ცრუ ჩვენების მიცემა.  ბრალდების დადგენილების მიხედვით, დ.ღ-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო და იცოდა რა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებასა და სასამართლოს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით. კერძოდ, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას დ.ღ-მ მიუთითა, რომ დავით სარალიძესთან ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართული იყო მ.კ-ც, ხოლო სასამართლოში დაკითხვისას მან უარყო ფიზიკურ დაპირისპირებაში მ.კ-ს მონაწილეობა. ამასთან დ.ღ-მ, როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლოში განმარტა, რომ არ შესწრებია დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტს, რადგან მისი მეგობრის შემთხვევით მოქნეული ხელი მოხვდა სახეში, გონება დაკარგა და გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც დავით სარალიძე უკვე დაჭრილი იყო. აღნიშნული მოქმედებით დ.ღ.-მ აირიდა პასუხისმგებლობა და არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოძიებასა და სასამართლოს დაუმალა დანაშაულის განხორციელების უმნიშვნელოვანესი დეტალი, ფარდულში არსებული დაპირისპირება, რაც მკვლელობით დასრულდა. გარდა ამისა, მოწმე დ.ღ.-მ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს უარყო დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრისას მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით საუბრის ფაქტი, გამოძიებით კი დადგინდა, რომ მათ შორის შეხვედრასა და საუბარს რეალურად ჰქონდა ადგილი 2018 წლის თებერვალში.

სამართალდამცველების მიერ 2018 წლის 19 ივლისს დ.ღ ქ. თბილისში დააკავეს. პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ღ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად შეუმცირდა ¼-ით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.„ -ნათქვამია განცხადებაში