აშშ-მა თურქეთს ულტიმატუმი წაუყენა, რამაც რუსეთის უკმაყოფილება გამოიწვია

17:21 05-22-2019
3002

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ორი კვირის ვადა მისცა იმისთვის, რომ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს S-400-ის შეძენაზე უარი თქვას, სანაცვლოდ კი ამავე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ამერიკული ანალოგის შეძენას სთავაზობს.

ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC ავრცელებს.

ამერიკული მედიასაშუალების თანახმად, თუკი თურქეთი რუსეთთან გაფორმებულ შეთანხმებას არ გაწყვეტს, ანკარას პროგრამა Lockheed Martin-იდან გარიცხვა, შეპირებული 100 თვითმფრინავის კონფისკაცია და ვაშინგტონის მხრიდან სანქციების დაწესება ემუქრება.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ნატო-ს ქვეყნებმა ალიანსის სისტემებთან თავსებადი საბრძოლო ტექნიკა უნდა შეიძინონ, ხოლო რუსული სისტემები ამ სტანდარდს არ შეესაბამება.

CNBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე კომენტარი გააკეთა კრემლის პრეს-მდივანმა. 

„მსგავს ქმედებას უკიდურესად ნეგატიურად განვიხილავთ. ასეთი ულტიმატუმები მიუღებელია. თურქეთთან S-400-ის შეძენის შესახებ შეთანხმება მიღწეულია და აუცილებლად განხორციელდება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

საკითხს გამოეხმაურა თურქეთის თავდაცვის მინისტრიც და განაცხადა, რომ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენის გამო,  ანკარა ამერიკის მხრიდან პოტენციური სანქციებისთვის ემზადება.

ავტორი: მარიამ გიგანი