სკანდალი! ჩაი, რომელიც აბრუებს - რას ასმევენ კაზინოებში მოთამაშეებს?

17:08 05-16-2019
1048

ერთმა, ერთი შეხედვით, უწყინარმა გულის ტკენამ, შესაძლოა სერიოზული, სკანდალის გაშიფვრამდეც კი მიგვიყვანოს. თემაზე მუშაობა სამსახურიდან ახლადდათხოვნილ ადამიანთან საუბრით დაიწყო და რა მოულოდნელი განვითარებაც მოჰყვა, ამას ქვემოთ, „პრაიმტაიმის“ გამოძიებაში ნახავს მკითხველი.

წინასწარ კი იმას გეტყვით, რომ ჩვენმა რეპონდენტმა ინტერვიუს შემდეგ საქართველო დატოვა.

ყველაფერი ტიბეტური მედიცინის ცენტრიდან დაიწყო

width=600

„პრაიმტაიმს“ ცენტრის ყოფილი თანამშრომელი დაუკავშირდა. წყარო ამბობს, რომ იქ ის ექიმ-კონსულტანტად მუშაობდა. ირწმუნება, რომ ჩაის ექსტრაქტი, რომელიც ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, თავადაც დააგემოვნა და რამდენიმეკვირიანი მიღების შემდეგ, ჰალუცინაციები, თავის ძლიერი ტკივილი და მომატებული გაღიზიანება აღენიშნებოდა. რამდენიმე დღეში ის „ჩაიზე“ დამოკიდებული გახდა. ამისათვის ინფექციონისტების დახმარება დასჭირდა.

„იქ მისვლის დღიდანვე ტრადიციასავით იყო, ყველა თანამშრომელი ტიბეტურ ჩაის სვამდა. მათ შორის ვიყავი მეც. მე კომპანიის პროდუქციის დანიშვნა და გასაღება მევალებოდა. მართალია, ჩაის ეძახიან, მაგრამ რეალურად ფხვნილის სახითაა დაფასოებული. მისი მოხმარებიდან რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ ჰალუცინაციები დამეწყო, ჩაის შემდგომ მიღებამდე თავი ძალიან მტკიოდა ხოლმე. გარდა ამისა, იმდენად ძლიერი დამოკიდებულება გამიჩნდა ნაყენის მიმართ, როგორც ნარკომანებს სჩვევიათ ხოლმე ნარკოტიკზე. ამ ნაყენის დალევიდან რამდენიმე წამში რობოტი ვხდებოდი, ისე ვიყავი სამსახურში დაპროგრამებული რობოტივით რუტინულად ვშრომობდი. დაღლას, დროსა და სივრცეს ვერ აღვიქვამდი, სხვა რამეზე ფიქრი ან შიმშილი არ მაწუხებდა. ერთხელაც კლიენტი მოვიდა და 4 კგ-მდე ნაყენის მასალა იყიდა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიკვირდა, რადგან დღეში 2-3 გრამი შეიძლებოდა მოეხმარა ერთ ადამიანს. როგორც აღმოჩნდა, კლიენტი ერთ-ერთი ცნობილი კაზინოდან იყო. თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ამ ექსტრაქტს თბილისის ყველა კაზინო ყიდულობს.

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მივხვდი რომ ორგანიზმი სასწრაფოდ უნდა გამეწმინდა და ჩემი ძლივს ნაშოვნი სამსახური, სასწრაფოდ დამეტოვებინა. მივხვდი, რომ როგორც მე მეჩქარებოდა სამსახურში მისვლა, რადგან ჩაი დამელია და დავმშიდებულიყავი,  სხვა არაფერი მინდოდა ჩაის გარდა. დარწმუნებული ვარ, ასე არიან თამაშდამოკიდებული ადამიანებიც, რომლებიც სათამაშო დაწესებულებებში უსასყიდლოდ სვამენ ჩაისა და ყავას. მივხვდი, განსაკუთრებულად რატომ უზიანდებათ ფსიქიკა და რა საშინელ მდგომარეობაში არიან ისინი, საკუთარ ტყავზე გამოცდილებით ვიცი...

შემეშინდა ამ „მაფიასთან“ დაპირისპირების... თუმცა, ახლა თქვენთან ხმამაღლა იმ იმედით ვსაუბრობ, რომ, როცა ეს გამოქვეყნდება, მე საქართველოში აღარ ვიქნები.

დუმილის დარღვევა გაუბედურებული ლუდომანებისა და მათი ოჯახების გაფრთხილების მიზნით გადავწყვიტე. იცოდეთ,  ჩაისა და ყავას რასაც თქვენ სათამაშო დაწესებულებებში სვამთ, ძლიერ მოქმედი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა. ამიტომ, სასწრაფოდ ინფექციონისტებს მიმართეთ“, - განაცხადა წყარომ.

„პრაიმტაიმის“ ექსპერიმენტი ტიბეტური მედიცინის ცენტრში

width=600

„პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ტიბეტური მედიცინის ცენტრს როგორც პოტენციური კლიენტი, ისე დაუკავშირდა. კონსულტანტმა თქვა, რომ მათი პროდუქტი ორგანიზმს სრულად აჯანსაღებს და ფსიქოლოგიურ პრობლემებს უხსნის. ჟურნალისტმა მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტიბეტური პროდუქტის მიღება იმ სლოტკლუბის მეპატრონემ ურჩია, რომელიც ლუდომანებს ასმევს და ისინი ნამდვილად დუნდებიან. ტიბეტური მედიცინის ცენტრის კონსულტანტმა ვითომ მყიდველსა და სინამდვილეში ჟურნალისტს ჰკითხა, სლოტკლუბის მეპატრონე, რომელმაც მათი პროდუქტი ურჩია იყო თუ არა ვინმე მაია რუსთავიდან. 

კაზინო ტიბეტური ჩაის შესყიდვას არც უარყოფს და არც ადასტურებს

width=600

ბუნებრივია, „პრაიმტაიმმა“ იმ კაზინოსაც მიმართა, რომელზეც ჩვენი წყარო მიგვითითებდა. სათამაშო დაწესებულების მარკეტინგის სამსახურის უფროსმა კითხვაზე - ასმევენ თუ არა VIP კლიენტებს ტიბეტურ ჩაის ექსტრაქტს - პასუხის გასაცემად ჯერ დრო ითხოვა, შემდეგ კი განგვიცხადა, რომ ვინაიდან „მენეჯერი ადგილზე არ არის“, ამას ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური