ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

22:26 05-15-2019
62

ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია.

ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების მეხანძრე-მაშველები და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები არიან ჩართულნი.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, ცუდი ხილვადობის გამო დილამდე მუშაობა შეწყვიტა. საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ცეცხლის ლიკვიდაციის მიზნით მუშაობას დილიდან განაახლებს.

ადგილზე ცოცხალი ძალა რჩება, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.