Exclusive „ბოდიშს მოვუხდი უწმინდესს დანაპირების შეუსრულებლობისთვის“ - თამრიკო ჭოხონელიძემ 17 მაისის კონცერტზე უარი განაცხადა

15:54 05-02-2019
11872

17 მაისის კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს ეძღვნება, ორი დღეა ხმაურია ატეხილი. ვნებათაღელვა ამ კონცერტში მონაწილეობა-არ მონაწილეობას შეეხო. კონცერტს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანი“ მართავს. „დავითიანი“ 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დააფუძნა. ღონისძიების მონაწილეთა სია ყოველ დღე იცვლება. ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებულ კონცერტში მონაწილეობაზე თანდათანობით უარს აცხადებენ მომღერლები. ზოგს გაწერილმა განრიგმა არ მისცა მონაწილეობის საშუალება, ზოგსაც იმ დაპირისპირებაში არ სურს გარევა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ამ დღეს უკავშირდება. 

width=600

პირველი უარი ნინო ქათამაძისგან წამოვიდა და მან ამისთვის საზოგადოების რისხვა დაიმსახურა. ნეგატიური ტალღისგან დასაცავად ნინოს ნიკოლოზ რაჭველი გამოეხმაურა. არც ნინო და არც ნიკოლოზი 17 მაისს საქართველოში არ იქნებიან. ქათამაძე ბელორუსიაში, კონცერტზე, იქნება, რაჭველი - გერმანიაში. ირიბი უარი თქვა მონაწილეობაზე ეროვნულმა ბალეტმა „სუხიშვილებმაც“. როგორც ანსამბლის დირექტორის მოადგილემ,  ხატია ეკიზაშვილმა „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, ამ კონკრეტულ კონცერტში მონაწილეობს არა უშუალოდ ანსამბლი „სუხიშვილები“, არამედ ანსამბლის ცეკვის სტუდია იღებს, რომელიც 13-15 წლის მოზარდებით არის დაკომპლექტებული. თუმცა „დავითიანი“ ჩვენთან აცხადებს, რომ „სუხიშვილები“ კონცერტში მონაწილეობენ. ქალბატონი ნინო ჩამოვა და საბოლოო პასუხს მისგან ველოდებითო, „პრაიმტაიმთან“ განაცხადა კოტე სვანიძემ, „დავითიანის“ ხელმძღვანელმა. 

width=600

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კონცერტში აღარ მონაწილეობს თამრიკო ჭოხონელიძე. მომღერალი „პრაიმტაიმის“ მეშვეობით მის უწმინდესობას ილია მეორეს დანაპირების შეუსრულებლობისთვის ბოდიშს უხდის. 

თამრიკო ჭოხონელიძე: - ვერ დავმალავ, რომ ჩემთან მოლაპარაკება სრულყოფილად არ შემდგარა. მე კონცერტში მონაწილეობას დავთანხმდი. ვაღიარებ გულწრფელად იმას, რომ როგორც კი ოჯახზე და მის სიწმინდეზე წავიდა ლაპარაკი (ოჯახების მონაწილეობით გვინდა კონცერტიო), მაშინვე თანხმობა მივეცი. ეს იყო 20-25 დღის წინათ. შესახსენებლად ხომ დამიკავშირდებით-მეთქი, ვკითხე. კი, ბატონო, აუცილებლად შეგახსენებთო. მაგრამ როდესაც ეს ბოლო ორი დღეა, 17 მაისთან დაკავშირებით ასეთი მძაფრი ლაპარაკი წავიდა, უარი ვთქვი კონცერტში მონაწილეობაზე. ეს დღე ჩემთვის პირდაპირი მინიშნებაა დაპირისპირებისა. მინდა ბოდიში მოვუხადო საპატრიარქოს. პირველად ხდება ჩემ ცხოვრებაში, რომ დანაპირებს არ ვასრულებ. ბოდიშს ვიხდი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში პირობა დავარღვიე. მაგრამ დავარღვიე იმის გამო, რომ ძალიან დიდი პროტესტი მაქვს, ზოგადად დაპირისპირების მიმართ. ქვეყანაში დაპირისპირებებით საშიში მდგომარეობა შეიქმნა. უნდათ დახატონ, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის. არ არის ასე. ზიზღის ენით უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ. მეგონა, შენელდებოდა, მაგრამ არა, უფრო მეტად გამძაფრდა. აქედან გამომდინარე, დაპირისპირებების კიდევ ერთი გამძაფრება სწორად ნამდვილად არ მიმაჩნია. სოციალურ ქსელშიც ამტყდარა ერთი ამბავი (მე „ფეისბუქი“ არ მაქვს). კიდევ ერთხელ ვამბობ, ცოტა გვიან დავფიქრდი, რომ ეს ის 17 მაისია, რომელიც დაპირისპირებასთან არის დაკავშირებული. ჩემი უარით ვაპროტესტებ დაპირისპირებას. ჩემთვის ყოველი დღე - 17 მაისიდან მეორე წლის 17-მდე წმინდაა. მე პატრიარქს ყოველთვის გვერდში ვუდგავარ, ჩემი ოჯახით. ამას მაინც ხედავს საზოგადოება. 

- უწმინდესს პირადად მოუბოდიშებთ?

- აუცილებლად. მომეცით საშუალება, რომ უწმინდესს მოვუბოდიშო. ბევრი რამის თქმა მინდა უწმინდესისთვის, მაგრამ ამის საშუალება არ მეძლევა. მან ყოველთვის იცის, რა დროც არ უნდა იყოს და როგორც არ იყოს, მისი სახელით როდესაც მირეკავენ, მთელი ჩემი ოჯახით ფეხზე ვდგავარ. ეს ის გამონაკლისი შემთხვევა იქნება, როდესაც მე ბოდიშს მოვუხდი უწმინდესს დანაპირების შეუსრულებლობისთვის. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე