როგორ აღნიშნეს ქართველმა ემიგრანტებმა აღდგომის დღესასწაული ფლორენციაში - ფოტოები

16:59 04-30-2019
491

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით პრაიმტაიმთან არქიმანდრიტმა ანდრიამ (ლაცაბიძე) ისაუბრა. მისი თქმით, უცხო მიწაზე ტაძრები ქართველი ემიგრანტებისთვის ერთგვარი ოჯახი და სულიერი კერა არის. 

დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, უკვე წლებია ევროპის და მათ შორის იტალიის არაერთ ქალაქში ქართული სამრევლოები ფუნქციონირებს და წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინება. 2011 წლიდან მოყოლებული, ამ სამრევლოებიდან ცხრა მათგანს (ფლორენცია, პიზა, პონტედერა, პრატო, ვენეცია, უდინე, ემპოლი, პოჯიბონსი, ლივორნო), არქიმანდრიტი ანდრია (ლაცაბიძე) უძღვება და როგორც თავად მოძღვარი ამბობს: ,,ქართული ტაძარი, უცხო მიწაზე მცხოვრები ქართველებისთვის, შეიძლება ითქვას ერთადერთი ადგილია, სადაც ისინი ერთმანეთს ხვდებიან და უზიარებენ სიყვარულსაც, სიხარულსაც, ტკივილსაც და მწუხარებასაც. ეს ტაძრები ემიგრანტი ქართველებისთვის არის ერთგვარი ოჯახიც და სულიერი კერაც. აქ ყველა ვიკრიბებით ღვთის სადიდებლად და ერთმანეთის სიყვარულისთვის. ტაძარი არ გვაძლევს რწმენისა და სამშობლოს დაკარგვისა და დავიწყების საშუალებას. 

ქართველი ემიგრანტები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახვედრად ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში შეიკრიბნენ,  სადაც სადღესასწაულო წირვას მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), არქიმანდრიტ ანდრიასთან (ლაცაბიძე) ერთად გაუძღვა. 

სააღდგომო ლიტანიობა ღამის 12 საათზე დაიწყო და გამთენიამდე გაგრძელდა.  ამ პროცესში სამრევლოს გვერდით უდგას მუნიციპალური პოლიცია, რომელთა თანამშრომლები, ლიტანიობის დროს, როდესაც მრევლი ტოვებს ტაძარს, გადის ვია დეი სერალის ქუჩაზე და იწყებს მსვლელობას,  უზრუნველყოფენ სადღესასწაულო პროცესიის უსაფრთხოებას. 

სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ტაძრის დარბაზში  ტრაპეზი გაიმართა. აღდგომის დღესასწაული არის დღე, როდესაც ქართველი ემიგრანტები არიან ერთად, ულოცავენ და უზიარებენ ერთმანეთს სიყვარულს და ამ დიდი დღესასწაულის სიხარულს.

ავტორი: ნინო მამუკაძე