როგორ აღნიშნავენ ქართველი ემიგრანტები აღდგომის დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყანაში

12:20 04-26-2019
1101

ქართველი ემიგრანტები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით „პრაიმტაიმთან“ საუბრობენ.

კატერინა ვარაზი (იტალია) :  „მე-10 წელია, რაც ჩემი ოჯახით ვესწრები სააღდგომო წირვას იტალიის მიწაზე. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების იტალიელი მეუღლეები ასევე, სიხარულით ეგებებიან ჩვენს აღდგომას და საგანგებოდ ემზადებიან აღსანიშნავად. 

საბედნიეროდ, ქალაქი ბარის მერიამ ქართულ დიასპორას გამოუყო პატარა ტაძარი სადაც ყოველწლიურად ქართველი მამაო აღავლენს სააღდგომო წირვა-ლოცვას და ქალაქი ბარის ემიგრანტებს საშუალება გვაქვს აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული ისე როგორც აღნიშნავს მთელი მართლმადიდებლური სამყარო. 

მართალია, ემიგრანტის ნაწილი წირვაზე მოსვლას ვერ ახერხებს, მაგრამ დიდი იმედით, საგანგებოდ შეღებილი წითელი კვერცხებით და ქართულად გამომცხვარი პასკების დაგემოვნებით აღვნიშნავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. 

განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს, მთელი ოჯახი ვმონაწილეობთ კვერცხების შეღებვაში, შემდეგ მეგობრებს ვუნაწილებთ და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ორშაბათი დღე, როდესაც გავდივართ სასაფლაოზე, სადაც პატივს მივაგებთ იტალიაში გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტებს. ერთად ვიკრებიბით მეგობრები მათი ხსოვნის გასახსენებლად და აღდგომის მისალოცად. 

მთელ საქართველოს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს დიდი მონატრებით რწმენით და უკეთესი მომავლის იმედით“.
width=500

ანა ბალამწარაშვილი (ბელგია): „ემიგრაციაში ყველაფერს სათუთად ვუვლით და ვინახავთ გულთან ახლოს, მით უმეტეს ტრადიციებს. სწორედ ამიტომ, გამორჩეულად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ლამაზ კუთხეს ვაკეთებ სახლში. აღდგომის დღეს ჯეჯილზე დედას შეღებილ კვერცხებს ვაწყობ და გვერდით ასევე, დედას გამომცხვარ ხატისპურს (პასკა) ვდებ. დედა აქ რომ არის ის ბევრ რამეს აკეთებს ტრადიციების შენახვის კუთხით. მთავარია, რომ ჩემმა შვილებმა კარგად იციან ტრადიციების ფასი “ქართულად”.
ბელგიაში ჩემი ოჯახის თითქმის 15 წევრია ემიგრანტი და ერთად ვიკრიბებით დედასთან. ასე რომ, არც თუ ისე პატარა საქართველო მაქვს ბელგიის სამეფოში.  26-წ წელია, რაც უცხოეთში ვხვდებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. 

მაქვს ერთი განსაკუთრებული ტრადიცია - ვყიდულობ აღდგომამდე ერთი თვით ადრე წმინდა მიწიდან, იერუსალიმიდან ჩამოტანილ ხის ტოტებს, რომელიც ყოველ წელს ხარობს და ფოთოლს გამოისხამს. ერთხელ ბელგიელმა მონაზონმა მითხრა, რომ მას ბედნიერება მოაქვს და ამის შემდეგ ტრადიციად ვაქციე. ამ ხის ტოტებს სურვილსაც ვუთქვამთ და ბევრჯერ მინატრია მთელი ჩემი დიდი ოჯახით საქართველოში დაბრუნება. 
იმედი მაინც მაქვს ბოლომდე!
დიდი მადლობა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ
მეც მინდა ამ ხის ტოტებივით ყვაოდეს ჩემი ლამაზი ქვეყანა!. 
width=500

ცისნამი საყვარლიშვილი (ნიუ-იორკი): ამერიკელი მეუღლე მყავს და წინა კვირას აღვნიშნეთ აღდგომა, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. განსაკუთრებული არაფერი, ჩვეულებრივი ვახშამი გვქონდა და ერთად ყოფნით ვისიამოვნეთ. ჩვენს აღდგომას რაც შეეხება, ეკლესიაში წავალ წირვაზე, ქართველებს ვნახავ, მივულოცავ, კვერცხებს შევღებავ და მიცვალებულებს მოვიგონებ. თან ჩემს მეუღლეს ავუხსნი რატომ აღვნიშნავთ მეორე აღდგომას.

გილოცავთ ყველას დამდეგს. უფალმა გაგვაძლიეროს. ზუსტად 10 წელია, რაც უცხო მიწაზე ვხვდები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. წელს პირველი წელია მარტო რომ არ შევხვდი, მანამდე სულ მარტო ვხვდებოდი დღესასწაულებს, ოჯახისგან და საყვარელი ადამიანებისგან შორს. მადლობა უფალს რომ მარტო აღარ ვარ და გვერდში საუკეთესო მამაკაცი მყავს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით განსაკუთრებული ტრადიცია არ მაქვს.  ჩემს შვილს რომ ჩამოვიყვან განსაკუთრებული მაშინ იქნება ყველაფერი. ახლა ჯერ ისევ ფრთამოტეხილი ბეღურასავით ვარ. მფარველობის კალთა გადააფაროს ყველა ქართველ ემიგრანტს უცხო მიწაზე და სრულიად საქართველოს“.
width=500

მარიამ შტილერი (გერმანია): „აღდგომას წითელი კვერცხითა და პასკებით ვხვდებით მე და ჩემი აქაური ოჯახი. კვირა დღეს რუსულ ეკლესიაში მივდივართ, რადგანაც აქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ქართული ეკლესია არ გვაქვს. წირვის შემდეგ მეგობრებთან ერთად ვსხდებით სადმე, ჩვენს ნუგბართან ერთად ან ეკლესიის ეზოში იშლება საერთო სუფრა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს უკვე 21-ე წელია გერმანიაში ვხვდები. ძალიან მენატრება აღდგომა საქართველოში, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხე ისევ საქართველოში შევხვედროდი ამ დღესასწაულს. ძირითადად ზაფხულისთვის ჩამოვდივართ ხოლმე საქართველოში.  რაც გერმანიაში ვცხოვრობ, ვცდილობ, რომ ის ტრადიციები შევინარჩუნო და ჩემს შვილს გადავცე, რაც საქართველოდან მომყვება. დამატებით, რა თქმა უნდა, გერმანულ დღესასწაულებსაც აღვნიშნავთ აქაური წესით და გამოდის, რომ ორჯერ ვზეიმობთ დიდ და მნიშვნელოვან დღესასწაულებს“.
width=500

მზაღო ოსიშვილი (საბერძნეთი): „17 წელია რაც უცხო მიწაზე ვხვდები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. შესაბამისად, ვერ ვხვდები შვილებთან და ახლობლებთან ერთად აღდგომის დღესასწაულს, რაც გულს მტკენს და ძალიან განვიცდი. სასაფლაოზე ვერ მივდივარ საყვარელი ადამიანების. ისედაც მტკივნეულია რომ ამდენი წელი სამშობლოში ვერ ვხვდები დღესასწაულებს. უცხო მიწაზე კი ჩვენი თავი ჩვენ არ გვეკუთვნის... სულ ვცდილობ ვცდილობ, ყოველთვის ეკლესიაში შევხვდე ქრისტეშობას და აღდგომას, მაგრამ კვირა დღეს ყოველთვის დაკავებული ვარ სამსახურში. სტუმრიანობა გვაქვს ხოლმე. ჩემს მოხუცთან მოდიან თავისი შვილები და შვილიშვილები. თითქმის სადაც ვმუშაობდი ყველგან ასე იყო... მაქვს ერთი ტრადიცია,  კვერცხებს ვღებავ ყოველთვის და სანთლებს ვანთებ ეკლესიაში როგორც ყველა ქრისტიანი“. 

width=500

ზოია კელენჯერიძე (რუსეთი, ეკატერინებურგის ოლქი): „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ვხვდები. როგორც ჩვენს ტრადიციებს ახასიათებს ვღებავ კვერცხებს, ვაცხობ სააღდგომო პასკას და ვემზადები სადღესასწაულო სუფრისთვის.  მივდივართ ეკლესიაში. უკვე 22-ე წელია, რაც უცხო მიწაზე ვხვდებით აღდგომას. განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს, გარდა იმისა რომ ქართველები ვიკრიბებით აღდგომას და გავდივართ თვენი თანამემამულეების საფლავზე, სადაც სანთლებს ვანთებთ“. 
width=500

ელისო კახიძე (ისრაელი): „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყველაზე გამორჩეულია ჩემთვის. 5 წლია, რაც უცხო მიწაზე ვხვდები აღდგომას თუმცა, აქაც ისევე ვეგებები როგორც საქართველოში. განსხვავება ისაა, რომ ჩემს მიცვალებულებს კვერცხს, პასკას ვერ მივუტან და სანთლებს ვერ ავუნთებ. წელს კი ძალიან მინდა წმინდა მიწაზე ცეცხლის გადმოსვლა ვიხილო. გილოცავთ ყველას აღდგომის დღესასწაულს და უფალი მთელ საქართველოს ფარავდეს“. 

ნათია სალაძე (ათენი) : „9 წელია უკვე რაც საბერძნეთში ვხვდები, საბერძნეთში განსაკუთრებულად აღნიშნავენ აღდგომის დღესასწაულს. პასკებსაც აცხობენ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებულს. როგორც მოგეხსენებათ ემიგრანტებს არ შეგვიძლია დღესასწაულებს ისე შევხვდეთ, როგორც ჩვენ ქვეყანაში. ემიგრანტების 90 %-ს ზოგჯერ დასვენება არ გვაქს და შესაბამისად,ოჯახთან ერთად რესტორანში ვხვდებით ან ტრადიციულად ოჯახში.  მხოლოდ ერთი ტრადიცია მაქვს - იმ ქვეყნად წასულებზე გულში ვილოცო, თვალები დავხუჭო და მათზე ვიფიქრო“.
width=500

ფიქრია კუჭუხიძე (ბარი, იტალია): „10 წელია უცხო მიწაზე ვხვდები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. პირველი განსაკუთრებით უმძიმესი იყოს, თუმცა შემდეგ მივეჩვიე, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ბარში არსებულ ქართულ სამრევლოს. ჩამოსვლის დღიდან ყოველწლიურ ლამაზ ტრადიციად იქცა სააღდგომო ღამის წირვა, რომელსაც წინამძღვარი არქიმანდრიტი მამა მოსე ჩანკვეტაძე ატარებს. ტაძარში ბევრი იტალიელი სტუმარი გვყავს, რადგან ჩვენი სააღდგომო მსახურება აინტერესებთ. განსაკუთრებით წითელი კვერცხები მოსწონთ. ჩემს იტალიელ ოჯახშიც წითლად ვღებავთ კვერცხებს, ჩემგან გაწვდილ წითელ კვერცხს და ქრისტე აღდგას ჭეშმარიტად მპასუხობენ. ქართველი ემიგრანტები ტრადიციულად 15:00 საათზე ვიკრიბებით მინიმიზეს საფლავზე, ერთობლივი ტრაპეზით, ქართული გალობით, სიმღერით და ქართული ცეკვით სრულდება ერთი ლამაზი დღეს ჩვენთვის“. 

width=500

ავტორი: თეონა აბესაძე