ლევან ნიკოლეიშვილი დავითგარეჯზე - თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან და დაველოდოთ სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას

21:50 04-25-2019
27

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დავითგარეჯში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით აღნიშნულ ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოები 1995 წლიდან მიმდინარეობს.

ამასთან როგორც ნიკოლეიშვილი განმარტავს, ამჟამად დავითგარეჯში შესაბამისი ერთობლივი კომისიის შემადგენლობის განახლების პროცესი ორივე ქვეყანაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო ხორციელდება.

''გავრცელდა ინფორმაცია რომ დავითგარეჯში თითქოს ქედის თავზე არსებულ ბილიკზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჩაკეტეს მისასვლელი გზა. ზოგად ვითარება კი შემდეგშია, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს 1995 წლიდან. საზღვრის პერიმეტრიდან მხარეთა სახელმწიფო სადელიმიტაციო კომისიების დონეზე შეთანხმებულია მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 2/3), მიმდინარეობს მოლაპარაკებები დარჩენილი სეგმენტების შეთანხმების მიზნით, რის გათვალისწინებით ამ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვარი იურიდიულად არ არის გაფორმებული. როგოც ჩემთვის ცნობილია ამჟამად ხორციელდება შესაბამისი ერთობლივი კომისიის შემადგენლობის განახლების პროცესი ორივე ქვეყანაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო. ეს პროცესი პარალელურად უნდა დასრულდეს ორივე ქვეყანაში, რათა დაცულ იქნეს კომისიის ძირითადი შემადგენლობის ანალოგია/იდენტურობა. რელიგიური დღესასწაულების კვირეულში მსგავს შემთხვევებს ადგილი არა ერთხელ ქონია. ამ სიტუაციაში კი მიზანშეწონილია თავი შევიკავოთ ემოციური ქმედებების და განცხადებებისგან და დაველოდოთ სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას'', - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.