ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობა სამეწარმეო საქმიანობისთვის გადამზადდება

12:58 04-24-2019
112

აზიის განვითარების ბანკისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით, ხარაგაულში, ჩხერიმელას ხეობაში სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ პირებს ტრენინგები ჩაუტარდებათ.

პროექტი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდება.

მისი მიზანია, კვალიფიციურმა სპეციალისტებმა სამეწარმეო საქმიანობისთვის გადაამზადონ გენდერულად დაბალანსებული  აუდიტორია და განახორციელონ სწავლება ისეთი  ტექნიკური მოდულებით, რომლის გავლის შემდეგაც გზის მშენებლობის არეალში მცხოვრები ბენეფიციარები მარტივად შეძლებენ აწარმოონ საკუთარი მცირე ბიზნესი, შექმნან მეურნეობები და გააკეთონ საწარმოები.

23 აპრილს, ხარაგაულის მერიაში პროექტის განხორციელებისთვის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხარაგაულის მერიის ჩართულობით და მხარდაჭერით განხორციელდება.

მერის თანაშემწემ გენდერულ საკითხებში ინგა ბერაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პირველ რიგში აუცილებელია მოსახლეობას ზუსტად მიეწოდოს მესიჯები რას სთავაზობს ეს პროექტი მათ და რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეთ.

ტრენინგები 4 ეტაპად ჩატარდება და თოთოეულ ჯგუფში 25 კაცი იქნება. საერთო ჯამში პროექტის ფარგლებში 100 დაინტერესებული პირი გადამზადდება.“ 

შეხვედრაზე გადაწყდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროექტის დაწყებამდე შეიმუშავებს ყველა საჭირო დეტალს, განიხილავს რისკებს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პროექტის განხორციელების პროცესში და უკვე მომზადებულები დაიწყებენ  ტრენინგების ჩატარებას. პროექტის პირველი ეტაპი გამოკითხვის ჩატარებაა, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა ხარაგაულის მოსახლეობას უახლოეს მომავალში მიეცემა.