ქართველი პატიმარი საბერძნეთის ციხიდან, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ემუქრება, შველას ითხოვს

11:34 04-24-2019
820

„პრაიმტაიმს“ ქართველი ემიგრანტი დაუკავშირდა. ქალბატონის თქმით, საბერძნეთში, ემიგრაციაში წასულ იოსებ კარანაძეს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. სასამართლო პროცესი 7 მაისს არის ჩანიშნული. ბერძენი სამართალდამცველები მას ბინის ქურდობას ედავებიან, თუმცა, როგორც ამბობენ, მას ალიბი აქვს.

ემიგრანტებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს საკონსულოს  კარანაძის დასახმარებლად, თუმცა ამბობენ, რომ მას პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, ქართული ოფიციალური მხარე არ ეხმარება, რადგან კარანაძე ოპოზიციის მხარდამჭერი იყო. („პრაიმტაიმი“ რესპონდენტის სახელსა და გვარს არ ასახელებს გასაგები მიზეზების გამო).

„სოსო უწესიერესი და ძალიან განათლებული ადამიანია. ის საზღვარგარეთ ჩვენთან ერთად სამშობლოდან გაჭირვებას გამოექცა, თუმცა უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა - მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ჩათვალეთ, რომ საკონსულო ფორმალურადაა საბერძნეთში, არავინ არ კითხულობს, ვის რა გვიჭირს. ასეთ მდგომარეობაში მყოფ თანამემამულესაც კი არ ეხმარებიან, რადგან პოლიტიკური ანგარიშსწორების კარგი საშუალება მიეცათ. კარანაძე ოპოზიციის მხარდამჭერია. მალაიზიიდან თუ მოხერხდა ქალბატონებისთვის სასჯელის უმაღლესი ზომის შეფარდების მიუხედავად, მათი ექსტრადირება, ეს ერთი წესიერი კაცი რა გახდა? ყველაზე მთავარი ისაა, რომ სოსოს ალიბი აქვს. ქურდობის მომენტში ის სხვა ქალაქში, პოლიციის შენობაში მანქანას იფორმებდა. ამის მოწმე ათობით ემიგრანტი და თავად პოლიციაა“.

„პრაიმტაიმის“ კითხვას, თუ რატომ გახდა ბერძენი სამართალდამცველებისთვის სამიზნეს იოსებ კარანაძე, ქალბატონი საბერძნეთიდან ასე პასუხობს:

„სოსოს ერთ-ერთი ახლობელი მუშაობდა ოჯახში, სადაც ქურდობა მოხდა და დამხმარე ქალის წრიდან უახლოეს ადამიანს ეძებდნენ. ასე გავიდნენ კარანაძემდე. უკვე ჩატარდა სასამართლო პროცესები, სადაც მისი ალიბები არ გაითვალისწინეს, რადგან აქ უპატრონოდ ვართ. არც ჩვენს ქვეყანაში გვაძლევდნენ ცხოვრების საშუალებას და არც აქ გვეხმარებიან ის ადამიანები, ვინ ჩვენს გამოა აქ და ხელფასს იღებენ. სოსომ წერილიც გაუგზავნა საბერძნეთში ჩვენს ელჩს, მაგრამ თავი არავის შეუწუხებია. ქართველი ემიგრანტები კი არ ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან და საგარეო სამინისტროსგან დახმარებს, არამედ - მოვითხოვთ, რადგან ისინი ამაში ხელფასს იღებენ, მათშორის ჩვენი გადმორიცხული ფულიდან და ვალდებულები არიან- განაცხადა ქართველმა ემიგრანტმა.

„პრაიმტაიმი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, იოსებ კარანაძეს ბერძნული მხარის მიერ ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაული ედება. მას სახაზინო ადვოკატი იცავს, საკონსულოც ჩართულია.

„საკონსულოს  რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს. კონსული ესწრება სასამართლო პროცესებს, მისი დაკავების დღიდან მუდმივად ინფორმირებულები ვართ. გამოძიებამ მისი დანაშაული დაადგინა, თუმცა თავად კარანაძე ასაჩივრებს და არ ეთანხმება ბერძნული მხარის გადაწყვეტილებას. კონსული ყველა სასამართლო პროცესს ესწრება“ - განმარტეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური