ახალციხიდან სომხეთის საზღვრამდე მისასვლელი გზა რეაბილიტირდება

16:57 04-23-2019
18

ახალციხე-ნინოწმინდას საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი საქართველო-სომხეთის საზღვართან მთავრდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ზამთრის მკაცრი კლიმატური პირობებით გამოირჩევა, შესაბამისად სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანიას სამუშაოები შეჩერებული ჰქონდა. ამჟამად სამუშაოები განახლდა და აქტიურად გაგრძელდება. პროექტის დასრულება 2019 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

პროექტის შესაბამისად, დაგეგემილია არსებული დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია. გაფარდოვდება არსებული გზის სიგანე, რეაბილიტირდება 3 რკინა-ბეტონის ხიდი და წყალგამტარი მილები. მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 808 673 ლარია. სამუშაოები 2018 წლის ივლისში დაიწყო და 2 კმ-იან მონაკვეთზე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი, ხოლო 2 კმ-იან მონაკევთზე მოწყობილია მიწის ვაკისი. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.

ორივე მონაკვეთის რეაბილიტაციის შემდეგ, ახალციხიდან სომხეთის საზღვრამდე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იქნება.